ზემო ხვითი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ხვითი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ლიახვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 835 , გორიდან 29 კმ. 839 მცხ. (2002). სოფლის განაპირას დგას სამებისა და წმ. გიორგის გვიანდ. შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიები. მცირე ზომის ეკლესიები ნაგებია ნატეხი და ტუფის ქვით. აღმ-ით ორივეს აქვს ნახევარწრიული აფსიდები და ნიშები. შიგა სივრცე დანაწევრებულია პილასტრებით (სამებისა – ორ მონაკვეთად, წმ. გიორგისა – სამ მონაკვეთად). სამების ეკლესიის სახურავის დას. ნაწილში მოგვიანებით დააშენეს ოთხივე მხრიდან თაღებით გახსნილი სამრეკლო. წმ. გიორგის ეკლესიას კი დას-იდან მიდგმული აქვს ორიარუსიანი, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სამრეკლო. სოფლის განაპირას შემორჩენილია აგრეთვე გეგმით მრგვალი კოშკის ერთი სართული. კოშკი გვიანდ. შუა საუკუნეებისაა. ნ. ანდღულაძე.