ზერტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზერტი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. მეჯუდის მარცხ. და ტირიფონის არხის მარჯვ. მხარეს, გორი – მეჯვრისხევის საავტ. გზაზე. ზ. დ. 760 , გორიდან 19 კმ. 2,7 ათ. მცხ. (2002). ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ზ-ს მდინარე მეჯუდით მორწყულ სოფელთა სიაში მოიხსენიებს. 1398 სოფ. ზ-ის შეწირულობა განუახლდა სვეტიცხოველს. XV ს. 70-იან წლებში ქართლის მეფემ – კონსტანტინემ ზ. იოთამ მაღლანიძეს უბოძა. 1559 სიმონ მეფემ განუახლა სვეტიცხოველს ზ-ის შეწირულობა. 1616 ქრისტეფორე კათოლიკოსმა ზ. სამოურავოდ გადასცა იესე გაბრიელისშვილს, 1696 კათოლიკოსმა იოანე დიასამიძემ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძეს ზ-ის მოურავობა უბოძა. 1700 ერეკლე I-მა ზ-ში მცხოვრები მამულაშვილები და სხვა გლეხები უბოძა ამილბარ მაღალაძეს. XVIII ს-ში სოფელს ეწერა 26 სახასო მოლაშქრე. 1865 ზ. 72 კომლი ქართველით გორის უბნის ზერტის სასოფლო თემში შედიოდა. სოფლის შუაში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. აგრეთვე სოფლის შუაში დგას XIX ს. ღვთისმშობლის ეკლესია – სამნავიანი ბაზილიკა. სოფლის სამხრ-ით კი, სასაფლაოზე დგას 1839 ნაგები წმ. გიორგის ეკლესია. ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983. ჯ. გვასალია.