ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დაარსდა 1968, როგორც სასკოლო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (ზესტაფონის რკინიგზის #7 სკოლა). 1968–80 გადავიდა სხვა შენობაში და არსებობა განაგრძო საზ. საწყისებზე. 1980 მიიღო სახელმწ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სტატუსი. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის (ამჟამად საქართვ. ეროვნ. მუზეუმი) დახმარებით ჩატარდა საექსპოზიციო სამუშაოები და 1987 გაიხსნა ყველა ექსპოზიცია. მუზეუმზე კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მას აქვს რამდენიმე განყ-ბა. 2013 წ. 1 იანვრისათვის ზ. მ. მ-ის ფონდში იყო დაახლ. 8,5 ათ. ექსპონატი. დაცული ნივთების უმრავლესობა ადგილ. ტერიტორიაზეა აღმოჩენილი; ისინი 3500-ზე მეტი წლისაა. აღსანიშნავია ქვა-კაჟისაგან დამზადებული საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, ბრინჯაოს ხანის ნივთები, ადრეანტიკური და ელინისტური ხანის რკინის საბრძოლო და შრომის იარაღები, მნიშვნელოვანია შორაპნის ციხის ტერიტორიაზე ნაპოვნი ქვის ღუზა და ბრინჯაოს მხედრის სკულპტურა, რ-იც თარიღდება ძვ. წ. VI–IV სს-ით, XII ს. ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები. იქვე დაცულია აგრეთვე კერამ. ნაწარმის ნიმუშები. ზ. მ. მ. განსაკუთრებით მდიდარია ნუმიზმატიკური მასალით – აქ წარმოდგენილია ფულის ნიმუშები უძვ. დროიდან დღემდე, მ. შ. კოლხური თეთრი. იქვე ინახება მრავალი შემოწირული ნივთი [პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო მედალი, ბელგიასა (1906) და ნეაპოლში (1910) ღვინის მსოფლიო გამოფენაზე მიღებული ქართ. ღვინოების მედლები, ჩოხა-ახალუხი ვერცხლის ქამარ-ხანჯლით და სხვ.]. ზ. მ. მ-ში დაცულია ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს. წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები. მუზეუმის ფილიალია უ. ჩხეიძის სახლ-მუზეუმი (იხ. სტ. ჩხეიძე უშანგი). ბ. ვარდოსანიძე. მ. ჯაოშვილი.