ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზესტაფონი დრამატული თეატრი.png

ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი უ. ჩხეიძის სახელობისა, დასაბამს იღებს 1875-იდან, როდესაც დაბა ყვირილაში (ახლანდ. ქ. ზესტაფონი) ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა პირველი წარმოდგენა (მოლიერის “სგანარელი, ანუ ვითომდა რქოსანი”) დადგეს. ამის შემდეგ აქ, უპირატესად სცენისმოყვარეთა საქველმოქმედო წარმოდგენები იმართებოდა. შენობის უქონლობის გამო ეს წარმოდგენები კერძო სახლებში, სასამართლოს დარბაზში ან სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე იდგმებოდა. შედარებით კეთილმოწყობილი სათეატრო ნაგებობა 1897 აუგიათ. სწორედ აქ დადგა პირველად სცენისმოყვარეთა მუდმივმა დასმა ა. ცაგარლის კომედია “ჭკუისა მჭირს”. ამ შენობაში 30 დასახელების სხვადასხვა პიესა დაიდგა. XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში ზ-ის სცენისმოყვარეთა წრე ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოში, სადაც მოღვაწეობდნენ: ვ. და ფ. არაბიძეები, კ. ასათიანი, თ. ბაქრაძე, მ. მდივანი, ს. გაჩეჩილაძე. კ. მოდებაძე, მ. ჭანიშვილი და სხვ. ზ-ის თეატრში წარმოდგენებს მართავდა თბილისისა და ქუთაისის პროფ. დასები. 1901 წ. 30 აპრილს თეატრის შენობა ხანძარმა იმსხვერპლა. საკუთარი კერის უქონლობის მიუხედავად, ზესტაფონელი სცენისმოყვარეები წარმოდგენების დადგმას მაინც ახერხებდნენ. 1904 წ. 30 მაისს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახ. შენობა, სადაც ყოველ კვირადღეს იმართებოდა წარმოდგენები, მეტწილად – ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ძალებით (ნ. აზიანის “ფული და ხარისხი”, დ. კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება”, დ. ჭონქაძის “სურამის ციხე” და სხვ.). რეაქციის წლებში (1905–07) მეფის დამსჯელმა რაზმებმა ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით სასტიკად დაარბიეს ზესტაფონის თეატრიც. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაც ზღუდავდა თეატრის შემოქმედებით მუშაობას, ენთუზიასტები მაინც ახერხებდნენ წარმოდგენების გამართვას. ისინი ემსახურებოდნენ არა მარტო ზესტაფონს, არამედ მის მახლობელ სოფლებსა და დაბებსაც. 1929 საზაფხულო სეზონში დასს ხელმძღვანელობდა რეჟ. ა. წუწუნავა. მასში ირიცხებოდნენ მსახიობები: ც. ამირეჯიბი, ვ. არაბიძე, ა. რუხაძე, ფ. არაბიძე, უ. ჩხეიძე, შ. ღამბაშიძე, დ. ანთაძე და სხვ. ამ თეატრის სცენაზე აიდგეს ფეხი ძმებმა ს. და ბ. ზაქარიაძეებმა. 1939 მთავრობის გადაწყვეტილებით ზესტაფონში დაარსდა სახელმწ. თეატრი. სეზონი გაიხსნა ვ. გაბისკირიას პიესით – “მათი ამბავი”. 1947 ზ. ს. დ. თ. ზონალურ თეატრად გამოცხადდა, ემსახურებოდა ჩხარის, ხარაგაულისა და ბაღდათის რ-ნებს. 1949 მოხდა თეატრის ლიკვიდაცია; მის ადგილზე დაფუძნდა ზესტაფონის კულტსახლი, სადაც თეატრის დასის დარჩენილი წევრებისაგან ჩამოყალიბდა დრამწრე, რ-საც 1960 რესპ. დათვალიერებაზე მიღწეული წარმატებისათვის მიენიჭა სახ. თეატრის წოდება. 1962 გაიხსნა ყოველმხრივ კეთილმოწყობილი თეატრის ახ. შენობა. თეატრის რეპერტუარში იყო მ. ჯაფარიძის “ჟამთაბერის ასული”, კ. ბუაჩიძის “ვარდი ასფურცლოვანი”, ნ. დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”, ლ. სანიკიძის “მედეა” და სხვ. 1963–66 თეატრის მთ. რეჟისორად მუშაობდა ა. გუბელაძე, რ-მაც დადგა: ევრიპიდეს “მედეა”, დ. ერისთავის “სამშობლო” და სხვ. 1967-იდან თეატრს სათავეში ჩაუდგა რ. აბესაძე. დადგა: ა. ყაზბეგის “მოძღვარი”, ჯ. ფლეტჩერის “როგორ მოვარჯულოთ ცოლი”, პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი” და სხვ. 1964 ზ. ს. დ. თ-ს უშანგი ჩხეიძის სახელი მიენიჭა. თეატრმა (ჯერ კიდევ სახ. თეატრის სტატუსით) მონაწილეობა მიიღო მექსიკის (1984), შვედეთის (1987), სომხეთის (1988), საერთაშ. ფესტივალებზე და საპატიო პრიზები და დიპლომები მოიპოვა, ხოლო 1998 რუსთავის საერთაშ. ფესტივალზე “ოქროს ნიღაბი” ზესტაფონის თეატრმა ლ. ქიაჩელის “ჰაკი აძბას” წარმოდგენისათვის სპეც. პრიზი დაიმსახურა (რეჟ. ზ. წაქაძე). 1991 ზესტაფონის უ. ჩხეიძის სახ. სახალხო თეატრის ბაზაზე აღდგა მისივე სახ. სახელმწ. დრამ. თეატრი. თეატრის რეპერტუარშია (1991–2013): ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” (1992) და “მარადისობის კანონი” (2003, ორივეს რეჟ. რ. აბესაძე), ლ. თაბუკაშვილის “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” (1993, რეჟ. გ. ბუთხუზი) და “ნატაძრალი” (2004, რეჟ. მ. ცერცვაძე), ა. გეწაძის “ყარამან ყანთელაძე” და გ. ნახუცრიშვილის “კომბლე” (ორივე 1993, რეჟ. ლ. პაქსაშვილი), მ. ჯავახიშვილის “მუსუსი” (1993, რეჟ. ზ. წაქაძე) და “კურდღელი” (2006, რეჟ. მ. ცერცვაძე), ო. იოსელიანის “სანამ ურემი გადაბრუნდება” (1994, რეჟ. ზ. აბესაძე), რ. გაბრიაძის “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” (1995, რეჟ. გ. კაპანაძე), ედგარ პოს “დოქტორ პაპატაჩის ვალსი” (1998, რეჟ. ზ. წაქაძე), რ. ნეშის “წვიმის გამყიდველი” (2005, რეჟ. მ. ცერცვაძე), ბ. ჯანიკაშვილის “თითით საჩვენებელი” (2007, რეჟ. მ. მესტვირიშვილი), ლ. ბუღაძის “ნუგზარი და მეფისტოფელი” (2007, რეჟ. მ. ცერცვაძე), ა. ჩხაიძის “შთამომავლობა” (2007, რეჟ. რ. აბესაძე). ი. ჭავჭავაძის “მგზავრის წერილები” (2008, რეჟ. თ. კუპრავა), დ. კლდიაშვილის “ბაკულას ღორები” (2010, რეჟ. მ. ცერცვაძე), გ. დოჩანაშვილის “იქამდე” (2011) და “იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი” (2013, ორივეს რეჟ. ზ. წაქაძე), ი. გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა?!” (2011, რეჟ. გ. ქურციკიძე), დ. კლდიაშვილის “სოლომან მორბელაძე” (2013, რეჟ. ბ. წერედიანი), ს.-ს. ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” (2013, რეჟ. კ. მჟავია) და სხვ. 2011 საფრანგეთიდან სამუშაო ვიზიტით ჩამოსულმა ქართველმა რეჟისორმა ა. ჯაყელმა დადგა ოთხი სპექტაკლი: “ოპუსი 115” (მოლიერის “დონ ჟუანისა” და “ტარტიუფის” მიხედვით), “უტოპსია”, “ისევ ზღაპარი” (ორივეს იდეის ავტორი ა. ჯაყელი) და “ვოიცეკი” (გ. ბიუხნერის მიხედვით). თეატრის დასში არიან (2014) მსახიობები: ნ. აბესაძე, ბ. ტაბატაძე, გ. გლოველი, თ. ქველიაშვილი, ზ. აბესაძე, მ. აბესაძე, თ. კიკნაველაძე, ვ. კვინიკაძე, კ. ჭანკოტაძე, ნ. ისიანი და სხვ.; თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნ. ლიპარტიანი; მხატვრები – დ. კამკამიძე და ნ. ბერაძე; თეატრის დირექტორი თ. მაღლაკელიძე. ლიტ.: ანთაძე დ., თეატრალური ზესტაფონი, თბ., 1970. შ. ცუცქირიძე. ვ. კვინიკაძე.