ზველი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზველი, სოფელი ისტორიულ სამცხეში (ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ასპინძის დას-ით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ზეგანზე. სოფლის სახელწოდების სწორი ფორმა უნდა ყოფილიყო “ზრზველი”, საიდანაც მივიღეთ “ზველი”. დღევანდელი “ძველი”, რ-იც ხშირად იხმარება, ისტორიულად უმართებულოა. სოფლის სიახლოვეს შუაბრინჯაოს ხანის ყორღანებია, ზოგიერთი მათგანი გათხრილია (მ. აბრამიშვილი). სოფელში არის X ს. წმ. გიორგის ეკლესია. იგი კარგადაა შენახული და ამჟამადაც მოქმედია (შეკეთებულია 1945). შენობა თლილი ქვითაა ნაგები, დას-იდან მინაშენი აქვს. საკურთხევლის სარკმელს გარედან ორლილვიანი თავსართი ახლავს. სამხრ. კედელზე ორი სარკმელია, დასავლეთისაზე – ერთი. ეკლესიის ეზოში ძვ. სასაფლაოა, გამოირჩევა ქვის ვერძების ქანდაკებები, რ-ებზეც საომარი და სამეურნეო იარაღებია გამოსახული. ერთი ასეთი ქანდაკება, 1854 წ. ეპიტაფიით, დგას მღვდელ ზედგინიძის საფლავზედაც. არის სტელის ნატეხიც და მისი კუბური ბაზისიც. ეზოს ყორე აქვს შემოვლებული. სოფლის განაპირას, ღობიეთისკენ ჩამავალ გზაზე, ნაკოშკარი და კედლის ნაშთია. ქვები კირზეა ნაწყობი, მეტ-ნაკლები ჰორიზონტალურობის დაცვით. “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით (1595) სოფ. ზ. (თურქ. დასახელება ზურზელი), ადგილ ღობიეთითა და ხსენებული ადგილის ვენახებით, შედიოდა ასპინძის ნაჰიეს ახალციხის ლივაში. იქ მაშინ 61 კომლი ქართვ. ცხოვრობდა. იხ. აგრეთვე ძველი. წყარო.: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941.