ზიარის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზიარის არქეოლოგიური ძეგლები, სოფელ ზიარის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე და მის მიმდებარე მიდამოებში გამოვლენილი რამდენიმე არქეოლ. ძეგლი. 1. ქვედა პალეოლითური სახელოსნო ზიარი მდებარეობს სოფ. ზიარის სამხრ-ით 0,5 კმ-ზე, ზ. დ. 900 -ზე, ე. წ. დურგლიანთ მიწებზე. ძეგლი აღმოაჩინეს 1966. არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1968–72 (ხელმძღვ. თ. ბუგიანიშვილი). ზიარი აშელური ხანის ერთადერთი სტრატიფიცირებული ძეგლია საქართველოში, სადაც ზედაპირულ მასალასთან ერთად დაცულია მძლავრი კულტ. ფენა (2,5 ათ. 2 ფართ., 2,2 სისქის). გამოიყო ქვედა პალეოლითური შრე. აშელის მასალის შემცველია ზევიდან მესამე 0,8 სისქის ფენა. აღმოჩნდა 5000-ზე მეტი ქვის ნივთი და ცხოველთა ძვლები (გარეული ცხენის, კეთილშობილი ირმის და დომბას). ქვის მასალა შედგება წარმოების ნარჩენების – ქერცლისებრი ანატკეცების, ანამტვრევების, ქვარგვალების, ნუკლეუსების, მასიური აშელ-კლექტონური ანატკეც-ნამზადებისა და მათზე დამზადებული იარაღისაგან. ნაპოვნია კაჟისაგან გამოთლილი 2 ნუშისებრი და ერთი ოვალური ხელნაჯახი, ორპირა და სხვა ტიპის სახოკები, ორმხრივ დამუშავებული უხეში საჩეხები, დაკბილული, ბურღისებური და ამოღარული იარაღი, პროტოლიმასი და სახვრეტები. იარაღი ძირითადად დამზადებულია ანატკეცებზე და ანამტვრევებზე, ზოგიერთი – შუაზე გაპობილ კაჭრებზე. ნივთების გასაკეთებლად გამოყენებულია კაჟი, კირქვა, მერგელი და სხვ. ქანები, რ-თა გამოსავლები იქვე, ძეგლის ტერიტორიაზეა. იარაღი მზადდებოდა გაპობა-ატკეცის არქ. აშელ-კლექტონური ტექნიკით და ძირითადად გაფორმებულია ცალმხრივი, ზურგისმიერი ფართოფაცეტოვანი ციცაბო რეტუშით. კულტ. ფენის ანალოგიური ნივთები ზედაპირულად შეგროვდა დურგლიანთ მიწების ფერდობებზეც. ყველა ნივთი ერთი საწარმოო კომპლექსის ერთიან ინდუსტრიას შეადგენს და შუა აშელის ხანის ერთ ქრონოლ. ეტაპს მიეკუთვნება. 2. ნასახლარი დიდი ტინები მდებარეობს სოფ. ზიარის დას-ით 1,5 კმ-ზე, მდ. ლაკბისპირას მარცხ. ნაპირზე. გათხარეს 1969 (ხელმძღვ. თ. ბუგიანიშვილი). ნაპოვნია კაჟის ქვედა პალეოლითური (შუა აშელის ხანა) ნივთები: 1 დისკოსებური ორმხრივი ნუკლეუსი, 6 მოგრძო გლუვდარტყმისმოედნიანი ანატკეცი და 5 იარაღი (2 ამოზნექილსამუშაოპირიანი, გვერდებმოღარული იარაღი, სახვრეტი და ტეიაკური წვეტანა). 3. ნასახლარი დიდი ლაკბე მდებარეობს სოფ. ზიარისა და დიდი ტონების დას-ით, სოფლიდან დაახლ. 1,5 კმ-ზე, ნასახლარიდან 0,5 კმ-ზე, მდ. ლაკბისხევისა და მდ. დიდი ლაკბის შესართავთან, მარცხ. ნაპირზე, ე. წ. ნიჩერაანთ ახოზე. ძეგლი გამოავლინეს 1975 (თ. ბუგიანიშვილი). ნაპოვნია ქვედაპალეოლითური (გვიანდ. აშელის ხანა) 33 ნივთი (1 კაჭარი, 8 ნუკლეუსი, 11 ანატკეცი და 13 იარაღი). ნუკლეუსები არის: ამორფული ერთფუძიანი განივი, ორფუძიანი ცალმხრივი, დისკოსებური ორმხრივი და ცალმხრივი და ამორფული. იარაღიდან წარმოდგენილია ცალპირა და ორპირა სწორი, ამოზნექილი, ჩაზნექილი, გრძივ- და განივსამუშაოპირიანი, კუთხისა და კონვერგენტული სახოკები, ამოზნექილსამუშაოპირიანი საფხეკები, გვერდებამოღარული და კომბინირებული იარაღი და სახვრეტი. 4. ნასახლარი გურზას ქვა მდებარეობს სოფ. ზიარის სამხრ-ით დაახლ. 2,5 კმ-ზე, მდ. ლაკბის მარცხ. შენაკადის, შორისხევის მარჯვ. ნაპირზე. ძეგლი აღმოჩენილია 1977 (თ. ბუგიანიშვილი). ნაპოვნია ქვედაპალეოლითური (შუა აშელის ხანა) ხანის კაჟის 12 ნივთი (ამორფული ნუკლეუსი და ანატკეცები). ყველა ძეგლზე აღმოჩენილი მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის გურჯაანის საცავში. ლიტ.: ბუგიანიშვილი თ., ქვედა პალეოლითი, წგ.: საქართველოს არქეოლოგია, [ტ.] 1, თბ., 1991; მისივე, ქვედა პალეოლითის ხანის ახალი მასალები კახეთიდან, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1974, ტ. 6. თ. ბუგიანიშვილი. დ. თუშაბრამიშვილი.