ზინობი მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზინობი მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა) (14. IX. 1896, ქ. გლუხოვი, – 8. III. 1985, დაკრძალულია თბილ. წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში), სასულიერო მოღვაწე. დაამთავრა საეკლ. სამრევლო სასწავლებელი. 1912 იყო გლინსკის უდაბნოს მონასტრის მორჩილი. 1921 აღიკვეცა ბერად. 1922 ზ. მ-მა საქართველოში დრანდის მონასტერში დაიწყო მთავარდიაკვნობა. 1925 წ. 18 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1925–30 იყო სოხუმის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, 1930–36 როსტოვის სოფიის ტაძარში მოღვაწეობდა. 1942–45 იყო თბილ. სიონის საკათედრო ტაძრისა და მცხეთის წმ. ოლღას მონასტრის მღვდელმსახური. 1945–47 გადავიდა სომხეთში, სოფ. კიროვოს წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრად. 1945 აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1950 ზ. მ-ს არქიმანდრიტის ხარისხი ებოძა და დაინიშნა თბილ. ა. ნეველის ტაძრის წინამძღვრად. შეთავსებით ასრულებდა საქართველოსა და სომხეთში არსებული რუსულენოვანი მრევლის კეთილმოწესის მოვალეობასაც. 1952 წ. 11 ივნისიდან დაინიშნა საქართვ. სინოდის წევრად. 1956 წ. 29 დეკემბერს, მიუხედავად სინოდის წევრთა წინააღმდეგობისა, სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ზინობი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1957 წ. 6 მარტს კი დაინიშნა მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად წოდებით “ეპისკოპოსი სტეფანოვისა”. 1960 ეწოდა თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი, ამავე დროს იგი რჩებოდა თბილ. ა. ნეველის ეკლესიის წინამძღვრად. 1972 წ. 8 აპრილს ზ. მ. აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. ზ. მ-ს მიღებული აქვს მრავალი საეკლ. ჯილდო: 1953 გადაეცა მეორე გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლება არქიმანდრიტის კვერთხით (1954) და სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით (1958 წ. ნოემბერი), მოციქულთასწორის წმ. ნინოს I და II ხარისხის, ასევე რუს. ეკლესიის მოციქულთასწორის მთავარ ვლადიმირის I და II ხარისხის, ალექსანდრიის ეკლესიისგან მოციქულ მარკოზის II ხარისხის და ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს II ხარისხის ორდენები. ლიტ.: ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟვანია ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994. თ. მარგველაშვილი.