ზიჩი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ ზიჩი.png

ზიჩი ((Zichy) მიხაი (15.X.1827, სოფ. ზალა, უნგრეთი, – 28. II. 1906, სანქტ-პეტერბურგი, დაკრძალეს 18. III. 1906, ბუდაპეშტი), უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბუდაპეშტის უნ-ტში, 1842-იდან მეცადინეობდა ფერწერაში იტალ. მხატვარ ი. მარასტონისთან, რ-მაც პეშტში გახსნა პირველი სამხატვრო სასწავლებელი. 1843 გადავიდა ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობდა ფ.-გ. ვალდმიულერის ხელმძღვანელობით. 1846 იმოგზაურა იტალიაში. 1847-იდან ცხოვრობდა პეტერბურგში. 1858 აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკად. აკადემიკოსად. 1859-იდან იყო რუს. საიმპერატორო კარის მხატვარი, 1874–81 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, 1875–80 იყო პარიზში უნგრელთა ურთიერთდახმარების საზ-ბის თავ-რე. 1881–82 ცხოვრობდა კავკასიაში. 1883–1906 კვლავ რუს. საიმპერატორო კარის მხატვარია. დემოკრატი მხატვარი თანაუგრძნობდა უნგრეთის რევოლუციას, იზიარებდა უტოპიური სოციალიზმის იდეებს. ზ-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. დონე. განსაკუთრებული წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში. დაასურათა მ. ლერმონტოვის “დემონი” (“თამარის ცეკვა”, ტრეტიაკოვის გალერეა; “თამარი კუბოში”, პუშკინის სახლ-მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვ.). 1881 ზ. თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართვ. ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), “ვეფხისტყაოსნის” საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში) მხატვარმა ქართვ. ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზ-ს “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. მან ქართ. თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა – “ქართველი ქალის პორტრეტი” (1874, კერძო კუთვნილება), “იკორთის მონასტერი” (1888, საქართველოში მეორედ ჩამოსვლის დროს) და სხვ. 1988 თბილისში დაიდგა ზ-ს ძეგლი (მოქანდ. შ. კიში, არქიტ. ჯ. ვადაში, ნ. მგალობლიშვილი). ლიტ.: გორდეზიანი ბ., ზიჩი საქართველოში, გამოც. მე-2, თბ., 1966; შარაძე გ., მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978. თ. ფერაძე.

ზიჩი ვეფხისტყაოსანი.png

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზიჩი&oldid=10864-დან“