ზოგადი ფსიქოლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოგადი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ფუნდამენტური დარგი; შეისწავლის ფსიქიკის, ფსიქიკურის გამოვლენის, განვითარებისა და მიმდინარეობის უზოგადეს კანონებს, აღწერს და ხსნის ადამიანის განცდებს, ქცევის კანონზომიერებებსა და მექანიზმებს, ქმნის პიროვნების ერთიან მეცნ. კონსტრუქტს, რ-იც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პიროვნების ინდივიდ. გამოცდილებისა და შესაძლებლობების უნიკალურ ორგანიზებას ითვალისწინებს. საქართველოში ზოგადფსიქოლ. კვლევებისა და ზოგადფსიქოლ. ცოდნის დანერგვით დაიწყო ფსიქოლ. დარგის განვითარება, რ-ის ფუძემდებელი დ. უზნაძე იყო. მისი თაოსნობით 1918 (თსუ-ის დაარსებისთანავე) გაიხსნა ზოგადი ფსიქოლ. კათედრა, ხოლო 1923 – ფსიქოლ. ლაბორატორია. სწორედ აქ დამუშავდა მსოფლიოში აღიარებული განწყობის ზოგადფსიქოლ. თეორია. დ. უზნაძეს ეკუთვნის ზ. ფ-ის პირველი ქართ. სახელმძღვანელო, რ-იც ფსიქოლოგთა კადრების მომზადების ძირითადი წყაროა. მისი აქტუალობა განსაზღვრულია ფსიქოლ. საგნის ორიგინ. გაგებით, ფსიქ. მოვლენათა და პროცესთა ახლებური სისტემატიზაციითა და კლასიფიკაციით, ახ. მეცნ. ტერმინოლოგიის დანერგვით (მაგ., “აღქმა”) და მეთოდური თვალსაზრისით შინაარსის თავისებური და უაღრესად პროდუქტიული წყობით. ზ. ფ-ის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა რ. ნათაძემ. იგი ავტორია ზ. ფ-ის ფუნდამენტური სახელმძღვანელოსი, არასპეციალური ფაკ-ტებისთვის განკუთვნილი ფსიქოლ. მოკლე კურსისა, საშ. სკოლების სახელმძღვანელოსი. ფსიქოლოგთა და სხვა დარგის სპეციალისტთა მომზადებას დიდად უწყობს ხელს აგრეთვე ფსიქოლ. ცნობილი ქართვ. მოღვაწეების (ა. ბოჭორიშვილი, შ. ჩხარტიშვილი, ვ. ნორაკიძე, თ. გოგიჩაიშვილი და სხვ.) მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები. ზ. ფ. განსაზღვრავს ფსიქოლ. კვლევის მეთოდოლოგიასა და თეორ. პრინციპებს. აქედან გამომდინარე, იგი ფსიქოლ. სხვა დარგების ფუნდამენტური საფუძველია. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია რ. ნათაძის, ი. ბჟალავას, ვ. ნორაკიძის, ნ. იმედაძისა და შ. ნადირაშვილის გამოკვლევებში დადგენილი ზოგადფსიქოლ. კანონზომიერებანი, რ-ებიც შემდგომ საფუძვლად დაედო პედაგოგიკის, სპორტის, პათოლ. ფსიქოლოგიის ორიგინ. მიმართულებით განვითარებას; დიდად მნიშვნელოვანია აგრეთვე აღქმის (რ. ნათაძე, ნ. ადამაშვილი, გ. კეჩხუაშვილი), აზროვნების (რ. ნათაძე, შ. ნადირაშვილი), მეტყველების (დ. რამიშვილი, ნ. იმედაძე), ხასიათის (ვ. ნორაკიძე) სფეროში ჩატარებული გამოკვლევები. ლიტ.: ბოჭორიშვილი ა., ჩხარტიშვილი შ., ფსიქოლოგია, თბ., 1950; გოგიჩაიშვილი თ., ფსიქოლოგია, თბ., 1996; ნათაძე რ., ფსიქოლოგიური მეცნიერება თბილისის უნივერსიტეტში, თბ., 1978; მისივე, ზოგადი ფსიქოლოგია, თბ., 1986; მისივე, ფსიქოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1989; უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, თბ., 1940. დ. ფარჯანაძე.