ზოდიაქო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოდიაქო, ზოდიაქოს წრე (ბერძნ. zōdiakos<zōon – ცხოველი), ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებული 12 თანავარსკვლავედი, რომელთაგან ზოგიერთს ცხოველთა სახელები აქვს მიკუთვნებული. ზ-ს თანავარსკვლავედებზე [ვერძი, კურო, მარჩბივი (ტყუპები), კირჩხიბი (კიბო), ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული (წყლის საქანელა), თევზები] გადის მზისა და მზის სისტემის ცთომილთა ხილული წლიური გზები ვარსკვლავთა შორის. ძვ. ბერძნებმა ზ-ს თანავარსკვლავედებისათვის სპეც. ნიშნები შემოიღეს. გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის წერტილები და, შესაბამისად, ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის წერტილები აღინიშნება იმ თანავარსკვლავედთა ნიშნებით, რ-ებშიც ისინი სპეც. ნიშნების შემოღებისას მდებარეობდა. ეს აღნიშვნები დღემდეა შემორჩენილი. მაგ., გაზაფხულის (შემოდგომის) ბუნიობის წერტილი აღინიშნება ვერძის (სასწორის) თანავარსკვლავედის ნიშნით, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძის პრეცესიის გამო ეს წერტილი ამჟამად თევზების (ქალწულის) თანავარსკვლავედშია. შემორჩენილია აგრეთვე ჩრდ. და სამხრ. ტროპიკების სახელწოდებანი – კირჩხიბის ტროპიკი და თხის რქის ტროპიკი, თუმცა ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის წერტილები (ამ წერტილების მიღწევისას მზე შესაბამისი ტროპიკის ზენიტში იმყოფება) ამჟამად მდებარეობს, შესაბამისად, მარჩბივის და მშვილდოსნის თანავარსკვლავედებში. საქართველოს ტერიტორიიდან ზ-ს ყველა თანავარსკვლავედი ჩანს. შესაძლოა, ეს გარემოება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ “ცხოველთა წრესთან” მჭიდროდ იყო დაკავშირებული ძვ. ქართ. კალენდარი. მეგრულ, ჭანურსა და სვანურ ენებში დაცული კვირის დღეების სახელების ანალიზმა საშუალება მისცა დ. გ. ცხაკაიას გამოეთქვა ვარაუდი, რომ ძვ. ქართ. კალენდარში შვიდდღიანი კვირის ნაცვლად უნდა არსებულიყო თოთხმეტდღიანი პერიოდი, რ-ის შემადგენელი დღეები ატარებდნენ მზის, მთვარის და ზ-ს თორმეტი თანავარსკვლავედის სახელებს. მაგ., სამშაბათი – თახაშხა – თხის დღე, ოთხშაბათი – ჯუმაშხა – ძმის დღე ანუ ტყუპები, ხუთშაბათი – ცაშხა – ქალიშვილის, ქალწულის დღე და ა.შ. პ. ინგოროყვას აზრით, ძვ. ქართ. კალენდრის ასტრონ. საფუძველს ზ. წარმოადგენდა. მეცნიერის ეს მოსაზრება ემყარებოდა ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში მოცემულ მასალას. ამ კალენდარში ყოველი თვის დასაწყისი ემთხვეოდა შესაბამის თანავარსკვლავედში მზის შესვლის მომენტს. ჩვენს წინაპრებს საკალენდრო გამოთვლებისათვის მნიშვნელოვანი დროის მომენტების (ბუნიობისა და მზებუდობის) აღსანიშნავად სპეც. ტერმინები მოეპოვებოდათ. ლიტ.: ინგოროყვა პ., ძველ-ქართული წარმართული კალენდარი, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1931–33, ტ. 6–7; ორბელიანი ს.-ს., ლექსიკონი ქართული, წგ. 1, თბ., 1966; Цхакая Д. Г., История математических наук в Грузии с древних времен до начала ХХ века, Тб., 1959. გ. გიორგობიანი. ზოდიაქო.png