ზოლებიანი აფთარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოლებიანი აფთარი.png

ზოლებიანი აფთარი ((Hyaena hyaena), მტაცებელი ცხოველი აფთრისებრთა ოჯახისა. მისი მოკლე სხეულის (91–120 სმ-მდე) ნიდაოს (კისრიდან ფეხის ჩათვლით) სიმაღლე 76–80 სმ-ია, წონა – 26–35 კგ. დაფარულია უხეში ჯაგრისებრი რუხი ბეწვით, განივი მუქი ზოლები გასდევს ზურგის გასწვრივ, აყრია მაღალი ფაფარი. აქვს მსხვილი კისერი, მასიური თავი და მოკლე, ბანჯგვლიანი კუდი. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, ირანში, ავღანეთში, ინდოეთში, მცირე აზიასა და შუა აზიის სამხრ. რ-ნებში, სომხეთში, აზერბაიჯანში; საქართველოში გვხვდება ივრის ზეგნის აღმ. ნაწილში. საქართველოში, სომხეთსა და შუა აზიაში ზ. ა. გადაშენების გზაზეა. ამჟამად თითო-ოროლა შემორჩენილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვნის სახელმწ. ნაკრძალში, პანტიშარის, მამაჩაისა და ყუმუროს უბნებში. ბინადრობს ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ველებზე – ტყე-ბუჩქნარიან ადგილებში, მყუდრო კლდიან ღელეებში (“ალესილებში”). მძუნაობს გვიან შემოდგომასა და ზამთარში, მაკეობის ხანგრძლივობა 90–94 დღემდე გრძელდება, შობს 2–4 თვალაუხილავ და უსუსურ ლეკვს. პოლიფაგია, მისი ძირითადი საკვებია მძორი, ჭამს ასევე ძვალს, ზოგჯერ იკვებება მცენარეებითაც. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”. წყარო: საქართველოს წითელი წიგნი, თბ., 1982, გვ. 12.