ზოოგეოგრაფიული დარაიონება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოოგეოგრაფიული დარაიონება ხმელეთისა და მსოფლიო ოკეანისა, დედამიწისა და მისი ცალკეული ტერიტორიებისა და აკვატორიების დაყოფა ზოოგეოგრაფიულ რეგიონებად (ზოოგეოგრაფიული მონაცემების მიხედვით. ამ თვალსაზრისით ცხოველთა სამყარო იყოფა ორ ნაწილად: კონტინენტურ ფაუნად (კუნძულებისა და მტკნარი წყლების ფაუნის ჩათვლით) და ოკეანურ ფაუნად. ზოგჯერ კონტინენტური წყალსატევების ფაუნისტური დაყოფა ხდება ხმელეთის ცხოველთა სამყაროსაგან დამოუკიდებლად (ლ. ბერგი, 1934, 1949). დედამიწის ხმელეთის ფაუნის დარაიონებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1858 ინგლისელმა ზოოგეოგრაფმა პ. სკლეტერმა ფრინველთა გავრცელების მიხედვით გლობალური ხმელეთის ფაუნა დაყო ექვს ფაუნისტურ ოლქად: პალეარქტიკის, ეთიოპიის, ინდოეთის, ავსტრალიის, ნეარქტიკისა და ნეოტროპიკების ოლქებად. 1876 ინგლისელმა ზოოგეოგრაფმა ა. უოლესმა ძირითადად ხმელეთის ძუძუმწოვრების გლობალური გავრცელების მიხედვით მიიღო პ. სკლეტერის დარაიონება, მაგრამ ინდოეთის ოლქს აღმ. ოლქი უწოდა. სკლეტერ–უოლესის დარაიონება თანამედროვე გაგებით შეესატყვისება დედამიწის ფილების რაოდენობას. იგი დღემდე აღიარებულია, თუმცა არაერთხელ შესწორდა. მოგვიანებით შემოიღეს უფრო მაღალი ტაქსონომიური რანგის დარაიონება, სადაც ნეონტოლოგიურ მასალებთან ერთად გამოიყენეს პალეონტოლ. მონაცემებიც. ასე დადგინდა ფაუნათა ისტ. კავშირები. მაგ., 1890 ინგლისელმა მეცნიერმა ა. ბლენფორდმა სკლეტერის ოლქები გააერთიანა 3 ჯგუფში – არქტოგეაში (ეთიოპიის, აღმოსავლეთის, პალეარქტიკის და ნეარქტიკის ოლქები), სამხრ. ამერიკასა და ავსტრალიაში. ამ ჯგუფებს ინგლისელმა ზოოგეოგრაფმა რ. ლიდეკერმა 1896 მიანიჭა სამეფოების რანგი. რამდენადმე მოგვიანებით ორ უკანასკნელს დაერქვა ნეოგეა და ნოტოგეა. 1957 ამერიკელმა ზოოგეოგრაფმა ფ. დარლინგტონმა არქტოგეას გადაარქვა სახელი და უწოდა მეგაგეა (იგი გაცილებით ხშირად მოიხსენიება ჰოლარქტიკად). XX ს. II ნახევრიდან ზოოგეოგრაფების მიერ ფართოდ იქნა აღიარებული ოთხი დიდი ხმელეთი – გეა (გაეა): სამეფო პალეოგეა 4 ოლქით – ეთიოპიის (აფროტროპიკული), ინდო-მალაის (აღმოსავლეთის), მადაგასკარისა და პოლინეზიის; სამეფო არქტოგეა – ქვესამეფო პალეარქტიკა ევროპა-ციმბირის, ძვ. ხმელთაშუაზღვისა და აღმ. აზიის ოლქებით და ქვესამეფო ნეარქტიკა კანადისა და სონორას ოლქებით; სამეფო ნეოგეა ორი ოლქით – ნეოტროპიკებისა და კარიბის; სამეფო ნოტოგეა 3 ოლქით – ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და პატაგონიის. უკანასკნელ დროს ევრ. ავტორების (გერმანელი მეცნიერი გ. ჰოლცი და სხვ., 2013) ხერხემლიან ცხოველთა ხუთივე ჯგუფის (21,037 სახეობა) გავრცელების კანონზომიერებების საფუძველზე მოხდა სკლეტერ–უოლესისეული დარაიონების მნიშვნელოვანი რევიზია. იგი განხორციელდა ინტერდისციპლინური კვლევისა (შედარებითი ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, ეკოლოგია, კონსერვაციული ბიომრავალფეროვნება) და თანამედროვე ტექ. პროგრესის საფუძველზე. ამ კვლევით დედამიწის ხმელეთის ფაუნა ამჟამად დაყოფილია 11 სამეფოდ: პალეარქტიკა, საჰარა-არაბეთი, აფროტროპიკები, მადაგასკარი, ორიენტალური, სინო-იაპონია, ახალი გვინეა (ოკეანიის კუნძულებით), ავსტრალია (ახალი ზელანდიით), ნეარქტიკა, ნეოტროპიკები, ცენტრ. ამერიკა (პანამა). ანტარქტიკა მიმდებარე კუნძულებით მხედველობაში აღარ არის მიღებული. დედამიწის ხმელეთის ფაუნის უოლესისეული დარაიონება მიჩნეულია ანალოგიური, ფიტოგეოგრ. და ბიოგეოგრაფიული დარაიონების ქვაკუთხედად. ზოოგეოგრაფიულსა და დანარჩენ დარაიონებებს შორის მსგავსება გაცილებით მეტია, ვიდრე განსხვავება. პალეარქტიკის დარაიონება სხვადასხვა ავტორის მიერ განსხვავებულია. ამ ქვესამეფოს შემადგენლობაში კავკ. რეგიონი სკლეტერ– უოლესს შეტანილი აქვთ ხმელთაშუაზღვის ქვეოლქში. თანამედროვე ზოოგეოგრ. ტაქსონომიით გაცილებით მართებულია ამ რეგიონის გაერთიანება არქტოგეას სამეფოსა და პალეარქტიკის ქვესამეფოს ორ ოლქში – ევროპა-ციმბირულსა და ირანულ-თურანულში, ანდა ჰოლარქტიკის სამეფოს ძვ. ხმელთაშუაზღვის ოლქში, ხოლო ამ უკანასკნელში – ევრ. მთის ტყეების ქვეოლქსა (მეზოფილური ცხოველები) და საჰარა-გობის ქვეოლქის ირანულ-თურანულ ზეპროვინციაში (ქსეროფილური ცხოველები). ლიტ.: Берг Л. С., Разделение палеарктики на зоогеографические области на основании распространения пресноводных рыб, «Труды 1–20 Всесоюз. геогр. съезда», 1934, 3; მისივე, Рыбы пресных вод СССР и сопредельных стран, т. 3, М.–Л., 1949; Гегечкори А. М., Псиллиды Кавказа, 1984 (глава IV. Зоогеографический обзор фауны псиллид Кавказа); Крыжановский О. Л., Состав и распространение энтомофауны Земного шара, М., 2002; H o l t B.G., et al., An update of Wallace’s zoogeographic regions of the world, «Science», 2013, 339, 4; O l s o n D.M., et al., Terrestrial ecoregions of the World: a new map of life on Earth, «BioScience», 2001, 51,1. ა. გეგეჭკორი.