ზოოტექნიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოოტექნიკა (ბერძნ. zōon – ცხოველი და technē – ოსტატობა), მეცნიერება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების, კვების, შენახვისა და სწორად გამოყენების შესახებ, რ-ის მიზანია მეცხოველეობის პროდუქციის (ხორცი, რძე, კვერცხი, მატყლი, ტყავეული და სხვ.) წარმოება. ზ. შეიმუშავებს ღონისძიებებს სას.-სამ. ცხოველთა ხარისხიანი და დაბალი თვითღირებულების მქონე პროდუქციის მისაღებად. ის ემყარება თანამედროვე მეცნიერებების (ზოოლოგია, ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია, ემბრიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, იმუნოლოგია, აგრონომია, ვეტერინარია, საკვებწარმოება და სხვა) მიღწევებს. ზ. იყოფა ზოგად და კერძო ნაწილებად. ზოგადი ზ. შეისწავლის ყველა სახეობის სას.-სამ. ცხოველის მოშენების, გამრავლების, კვების, ჰიგიენის, შენახვისა და გამოყენების საკითხებს მათი ბიოლ. და სამეურნ. თავისებურებათა გამოკვლევის საფუძველზე და შეიმუშავებს საერთო კანონზომიერებებს. კერძო ზ. იმავე პრობლემებს შეისწავლის სხვადასხვა სახეობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ადგენს მათი რაციონალური წარმოების ტექნოლოგიას კონკრეტულ ბუნებრივ-კლიმ. პირობებთან დაკავშირებით. ზოგადი ზ. იყოფა 3 ნაწილად: 1. მომშენებლობა მოიცავს სას.-სამ. ცხოველთა სრულყოფისა და რაოდენობრივი ზრდის საკითხებს. 2. სას.-სამ. ცხოველთა კვება სწავლობს ცხოველთა ნორმირებული კვების მეთოდებს. 3. სას.-სამ. ცხოველთა შენახვა სწავლობს სას.-სამ. ცხოველთა შენახვის ხერხებს (ბაგური, დაუბმელი, ჯგუფური და სხვ.). ანტ. ხანის მწერლების შრომებში გვხვდება ზოოტექ. განზოგადებანი ცხოველთა გადარჩევის, კონსტიტუციის, კვების და სხვა საკითხებზე. XVII ს-ში დაიწყო სას.-სამ. ცხოველთა კვების ნორმების დადგენის ცდები, სანაშენე მუშაობის სრულყოფა. XIX ს-ში ზ-ის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს ინგლ. ჩ. დარვინმა, გერმ. მეცნიერებმა გ. ნატუზიუსმა და გ. ზეტეგასტმა. XX ს-ში გერმ. კ. კრონახერმა, შვეიც. უ. დიურსტმა, ინგლ. ჯ. ჰემონდმა, ო. კელნერმა, ამერ. გ. არმსბიმ, დანიელმა ნ. ფიორდმა, შვედმა ნ. ჰანსონმა და სხვ. რუსეთში XIX ს. II ნახევარში და XX ს. დასაწყისში გამოვიდა ნ. ჩირვინსკის, პ. კულეშოვის, მ. პრიდოროგინის, ე. ბოგდანოვის, მ. ივანოვის, ა. მალიგონოვის, მოგვიანებით – ე. ლისკუნის, დ. კისლოვსკის, ი. პოპოვის და სხვათა შრომები, რ-შიც დამუშავებულია ზ-ის მრავალი პრობლემა. შემუშავდა სას.-სამ. ცხოველთა ჯიშების გამოყვანისა და სრულყოფის მეთოდები, ასევე მათი შეფასების (ბონიტირების) სისტემა, ინბრიდინგისა (ახლონათესაური შეწყვილება) და ჰეტეროზისის (შეჯვარებისა და ჰიბრიდიზაციის დროს ჰიბრიდული ძალის გამოვლინება) ბიოლ. არსისა და სანაშენე საქმეში გამოყენების პრობლემები, მეცხოველეობის ფერმებში საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის სისტემები და სხვ. საქართველოში ცხოველთა მოვლა-მოშენების კულტურა ძველთაგანვე მაღალ დონეზე იყო, რასაც მოწმობს ქართვ. ტომების მიერ გამოყვანილი ჯიშები (ქართ. მთის ძროხა, იმერული და თუშური ცხვარი, მეგრული თხა, კახური ღორი, თუშური და მეგრული ცხენი, თიანეთური ინდაური, სამტრედიული ქათამი, ქართ. ფუტკარი და სხვ.). ქართ. კარაბადინებში მოცემულია ცხოველთა ექსტერიერული შეფასების, მწარმოებლების შერჩევის, მოშენებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე რეკომენდაციები მეფრინველეობის შესახებ. ვახუშტი ბატონიშვილმა (XVIII ს.) დაადგინა საქართველოს სას.-სამ. ცხოველთა გავრცელების ფარგლები და აღწერა მათი შენახვის სისტემები ბუნებრივ-კლიმ. პირობების შესაბამისად. XIX ს. I ნახ-ში ძმებმა კვარაცხელიებმა გამოიყვანეს ძროხის მეგრული წითელი ჯიში. 1850 შეიქმნა “კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება”, მის ბეჭდვით ორგანოებში ქვეყნდებოდა წერილები პირუტყვის ადგილ. და უცხ. ჯიშების სამეურნეო თვისებებისა და მეცხოველეობის გაძღოლის სისტემების გაუმჯობესების შესახებ. აღსანიშნავია ამ საკითხებზე ი. ანდრონიკაშვილის, რ. ერისთავის, მ. მაჩაბლის, ა. ქალანთარის ნაშრომები. ზ-ის დარგში თავდაპირველად სამეცნ.-კვლ. მუშაობა გაიშალა ი. ჯანდიერის, ნ. იოსელიანის და დ. აგლაძის მიერ თსუ-ში (1923), ცენტრ. ზოოტექ. საცდელ სადგურში (1927), აგრეთვე სას.-სამ. და ზოოვეტ. ინ-ტების სათანადო კათედრებზე. მოგვიანებით კვლევები გაგრძელდა სხვადასხვა სასწ. და სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებში. XX ს. 20-იან წლებში ნ. იოსელიანმა კრანიოლოგიურად შეისწავლა ქართ. ძროხა, თუშური ცხვრის ფენოანალიზის საკითხები. დ. აგლაძემ და მისმა მოწაფეებმა (პ. ბოლქვაძე ნ. გოცირიძე, გ. ჯორჯიკია, მ. ხუროძე, და სხვ.) შეისწავლეს ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძროხის ოსტეოლოგიის, საქართვ. მეცხოველეობის გაძღოლისა და სას.-სამ. პირუტყვის სხვადასხვა სახეობის მოშენების საკითხები. მანვე თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში. ი. ჯანდიერმა ექსპედიციურად შეისწავლა მეცხოველეობის ცალკეული დარგები საქართველოს ყველა რ-ნში, ხოლო სტაციონარებსა და ლაბორატორიებში საფუძველი ჩაუყარა მათ ბიოლ.-სამეურნეო შესწავლას. ამ სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების (შ. აბულაძე, ნ. ანთაძე, პ. გეგენავა, შ. გონაშვილი, ქ. გოჩიტაშვილი, გ. დევდარიანი, ფ. კვაშალი, ე. მებუკე, ნ. მელითაური, გ. სანიკიძე, ნ. ფირანიშვილი, ნ. ცაგარელი და სხვ.) აღზრდა. საქართველოში ზ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით: გ. რცხილაძეს, შ. აბულაძეს, ლ. ლეონიძეს და სხვ. ნ. გოცირიძემ ამიერკავკასიისა და დაღესტნის მეცნიერებთან ერთად გამოიყვანა ძროხის ახ. ჯიში, შეისწავლა საქართველოში მოშენებული ძროხების ნიშან-თვისებების ცვალებადობა. შეიქმნა ცხვრის ახ. ჯიშები (ა. ნატროშვილი, ი. ბაძოშვილი), შემუშავდა მეცხოველეობის (მ. რჩეულიშვილი, ნ. გოცირიძე, ი. პოპიაშვილი, ნ. ჩხეიძე) და საკვებწარმოების (გ. აგლაძე, ლ. ყავრიშვილი, ვ. ჭიჭინაძე) დარგების რაციონალურად გაძღოლის სისტემები. ა. ციციშვილმა შეისწავლა ქართ. ძროხისა და ცხვრის წარმოშობის საკითხები. მ. რჩეულიშვილმა შეიმუშავა მომთაბარე მეცხვარეობის წარმოების რაციონალური ტექნოლოგია. გ. გოგოლმა და ა. დოლმაზაშვილმა დაადგინეს საქართვ. მეძროხეობაში ზებუს გამოყენების ეფექტიანობა. გ. აგლაძემ დაამუშავა სათიბ-საძოვრების გაუმჯობესების და უკეთ გამოყენების კომპლ. ღონისძიებები. ჯ. გუგუშვილმა შექმნა ბოცვერის ახ. ჯიშური ჯგუფი. ჩატარდა გამოკვლევები ცხოველთა იმუნოგენეტ. პარამეტრების ცვალებადობის შესასწავლად. აღსანიშნავია ს. ერქომაიშვილის, თ. კობახიძის, ა. კოზმანიშვილის, რ. მიჩიტაშვილის და გ. მაძღარაშვილის შრომები ცხოველთა კვების, გ. დალაქიშვილის და ლ. თორთლაძის – მეძროხეობის, გ. როსჩუპკინისა და ა. ღლიღვაშვილის – მეცხვარეობის, ნ. ქუმსიშვილის და ი. შუბითიძისა – მეღორეობის, რ. ნოზაძის, გ. ჭულუხაძის და ლ. ჯიქიას – მეფრინველეობის, ჯ. გუგუშვილის – მებოცვრეობის, დ. კობალავასი – მეცხენეობის დარგებში და სხვ. XXI ს. დასაწყისიდან ზ-ის განვითარების საკითხებზე ზრუნავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრი. ზ-ის დარგში გაჩნდა ასოციაციები, ფირმები და კოოპერატივები. სას.-სამ. ცხოველთა სასელექციო პროგრამების განხორციელებისათვის შეიქმნა ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა; გათვალისწინებულია საკვები ბაზა, კომბინირებული საკვებისა და მისი დანამატების ინდუსტრია და სხვ. განხორციელდა სანაშენე საქმის ორგანიზაცია და განახლდა ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერება. ქვეყანაში შემოიყვანეს სას.-სამ. ცხოველთა თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჯიშები. ლიტ.: აგლაძე დ., მეცხოველეობის საფუძვლები, ტ. 1–3, თბ., 1956–64; გოცირიძე ნ., რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1997; ხაჭაპურიძე ე., კობალაძე კ., სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა აღწარმოებისა და პროდუქტიულობის გაზრდის ზოოტექნიკური საფუძვლები, თბ., 2012; Рчеулишвили М. Д., К истории овцеводства Грузии, Тб., 1953. ნ. გოცირიძე. ლ. თორთლაძე.