ზოსიმე მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოსიმე მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – შოთა გიორგის ძე შიოშვილი) (დ. 3. VIII. 1951, ქ. თბილისი), სასულიერო მოღვაწე. 1969, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სპი-ში სატრანსპ. ფაკ-ტზე. 1974 ჩაირიცხა მცხეთის სას. სემინარიაში. 1975 მეორე კურსის სტუდენტი ზ. მ. დიაკვნად, ხოლო 1977 საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით მღვდლად აკურთხეს. 1979 აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1978–80 მსახურობდა თბილ. მამა დავითის ეკლესიაში. 1981 აღიკვეცა ბერად. ამავე დროს ასრულებდა მცხეთის სას. სემინარიის რექტორის მოვალეობას. 1980 აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, ხოლო 1983 – ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად. 1984 იყო მცხეთის სას. სემინარიის რექტორი. ამავე წელს ზ. მ. გადაიყვანეს წილკნის ეპარქიის მმართველად. დღემდე (2014) განაგებს წილკნისა და დუშეთის ეპარქიას. 1985–88 შეთავსებით მართავდა ურბნისის ეპარქიასაც. 1984–92 საქართვ. საპატრიარქოს საგამომცემლო განყ-ბის თავ-რე იყო. იგი მონაწილეობდა შოტლანდიაში ევრ. ეკლესიათა კონფერენციის მუშაობაში. ხელმძღვანელობდა ათონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში გადმობრძანებას. 1988–89 თბილ. სას. აკად. და სემინარიის რექტორი იყო. 1996 წ. 25 დეკემბერს ზ. მ. აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2009 წ. 26 სექტემბერს ებოძა მიტროპოლიტობა. 2007 წ. 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით.