ზროგო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზროგო, ისტორიული დვალეთის ერთ-ერთი თემი, მდებარეობდა ცენტრალურ კავკასიონზე, მდ. არდონის მარჯვენა შენაკადის ზროგოსხევის მიდამოებში. დანარჩენ დვალეთთან ერთად 1859-მდე შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, შემდეგ გადაეცა კავკ. ხაზის მარცხ. ფრთის ოსეთის სამხ. ოკრუგს. XVIII ს-სა და XIX ს. დასაწყისში თავად მაჩაბელთა მფლობელობაშია ზ-ს სოფლები: ბირეთი, ხოზიტა, თავგაზა, კოზიტა, საფადანა. ამჟამად ზ. ჩრდ. ოსეთის რესპ. შემადგენლობაშია. ვახუშტის რუკაზე თემში ხუთი დაბაა აღნიშნული. ზ-ში შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების XI ს. ნიმუში – ეკლესია ხოზიტა-მარიამი, რ-საც XIX ს-ში ჯერ კიდევ ზროგოს ღვთისმშობლის ეკლესიას უწოდებდნენ. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983. ჯ. გვასალია.