ზუბი, სოფელი ცაგერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუბი, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს, ცაგერი –ქუთაისის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ისუნდერი, მახურა). ზ. დ. 640 , ცაგერიდან 13 კმ. 630 მცხ. (2002). ზ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების ზუბის ციხის ნანგრევები. ციხე დგას მთებით შემოზღუდული ხეობის შუაში მძლავრად ამოზიდულ კონცხზე. იგი ბუნებრივად მიუვალია. მდინარის მხრიდან იცავს შვეული კლდეები და თვით მდინარე. დანარჩენი მხარეებიდან ციხე ტერასულად განლაგებულ ბაქნებზე აშენებული დამატებითი ზღუდეებით იყო გამაგრებული. გალავანი რელიეფს მიჰყვება და ქმნის სამკუთხა ბაქანს, რ-ის შუაში ცალი მხრიდან ბურჯით გამაგრებული დიდი ოთხკუთხა კოშკია, ციხის ეზოს ჩრდ. კუთხეში კი – ნახევარწრიული საბრძოლო ბურჯი. აღმ-ით არის დიდი ბურჯით გამაგრებული კუთხის მრგვალი კოშკის ნაშთი, მის ძირში კი – რეზერვუარი წყლისთვის. ციხე ნაგებია უხეშად დამუშავებული კლდის ქვით, რ-საც ალაგ-ალაგ მოშინდისფრო ან ყვითელი ფერი დაჰკრავს. კედლების წყობა სხვადასხვაგვარია. ციხე მოგვიანებით საფუძვლიანად შეუკეთებიათ. სოფლის ტერიტორიაზე, მდ. ცხენისწყლის მარჯვ. ნაპირზე, შემთხვევითაა აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის შავპრიალა თიხის დაბალი, სამყურიანი ჭურჭელი და ელინური ხანის ბრინჯაოს 2 სამაჯური. მასალა ინახება ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ნ. სულავა.