ზუგდიდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუგდიდი.png

ზუგდიდი, თვითმმართველი ქალაქი დას. საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე). ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ. ჩხოუშის (ჯუმის მარჯვ. შენაკადი) ორივე ნაპირას. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, წარმოადგენს საავტ. გზების კვანძს. ზ. დ. 110 , თბილისიდან 339 კმ. 68,9 ათ. მცხ. (2002). ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13,8C, იანვ. საშ. ტემპ-რა 4,9C, აგვ. 22,7C; აბსოლ. მინ. –17C, აბსოლ. მაქს. 40C. ნალექები 1620 მმ წელიწადში. ზ. წერილობით წყაროებში პირველად XVI ს. 70-იან წლებში იხსენიება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ დასახლება ბევრად ადრე არსებობდა. სავარაუდოა, რომ ზ. XIII–XIV სს. მიჯნიდან ოდიშის (სამეგრელო) საერისთავოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო საერისთავოს სამთავროდ გადაქცევის (XVI ს. შუა ხანები) შემდეგ სამთავროს პოლიტ. ცენტრი გახდა. ძვ. ზ. მდებარეობდა მდ. სინწის მარჯვენა მხარეს მდებარე გორაკზე (ზურგა), რ-იც ახლომახლო არსებული შემაღლებული ადგილებისგან სიდიდით გამოირჩეოდა. აქედან მიიღო სახელწოდება “ზუგდიდი” (პირვანდ. ფორმა – ზურგდიდი). ძველი ზ-იდან შემორჩენილია წმ. გიორგის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რ-იც აშენებულია XIV ს. I ნახ-ში ადრე არსებული მაცხოვრის ეკლესიის ადგილზე (შესაბამისად ამ ადგილს მაცხვარკარი/მაცხოვრისკარი ეწოდება), და XIII–XIV სს. ციხე-კოშკის ნაშთი. XVII ს. I ნახ-ში აქ მდგარა დადიანების ციხე-დარბაზი, რ-ის ნახატი შეტანილია ქრისტეფორე კასტელის (XVII ს. I ნახ.) ალბომში, ხოლო სიტყვიერი აღწერილობა – რუსი ელჩების ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ანგარიშებში (1639–40). ახალ ზ-ს საფუძველი ჩაეყარა XVII ს. I ნახ-ში, როდესაც სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა გორაკის მიმდებარე ველზე ააგო ახ. ორსართულიანი სასახლე გალავნით, ციხე-კოშკითა და კარის ეკლესიით. მთავრის რეზიდენციის ველზე გადმოტანას მოჰყვა მის გარშემო ახ. დასახლების შექმნა და გაფართოება, რამაც ძვ. და ახ. ზ. ერთიან დასახლებულ პუნქტად აქცია.

ზუგდიდის ცენტრი.png

ზ-ის განვითარებაში გარკვეული კვალი დატოვა XIX ს. 30–40-იან წლებში დავით დადიანის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა, რამაც ზ. ხელოსნობისა და ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. მის ცენტრ. ნაწილში აშენდა სახელოსნოები, სავაჭრო დუქნები, საზ. დაწესებულებები და ა. შ.; შეიქმნა პირველი საწარმოები: აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, სპირტის სახდელი ქარხანა, სამშ. მასალების დამამზადებელი საწარმო და სხვ. განახლდა მთავრის რეზიდენციაც – დავითმა ააგო ორი ახ. (სარეზიდენციო და სამეჯლისო) სასახლე (იხ. დადიანების სამთავრო რეზიდენციები) და კანცელარიისა და უზენაესი სასამართლოს შენობები. 1840 დავითმა და ეკატერინე დადიანმა დაიწყეს სასახლესთან დეკორ. ბაღის გაშენება (იხ. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი). ყირიმის ომის (1853–56) დროს, 1855 წ. 26 ოქტომბერს, ზ. ოსმ. საოკუპაციო ჯარმა დაიკავა. იმავე წლის დეკემბერში სამეგრელოს სახ. მოლაშქრეთა (მილიციის) რაზმი გ. ლ. დადიანის მეთაურობით თავს დაესხა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზ-ში დაბანაკებულ ოსმალთა გარნიზონს. უკან დახევისას (1856 იანვარი) ოსმალთა რაზმმა მეთაურის ისკანდერ-ფაშას ბრძანებით გაძარცვა, შემდეგ კი დაწვა დ. დადიანის მიერ აშენებული მთავრის სარეზიდენციო და სასტუმრო (ე. წ. ჯვარედინა) სასახლეები, სასამართლოს, კანცელარიის და სხვ. ნაგებობები, აჩეხა და გააპარტახა ბოტან. ბაღი, მოქალაქეთა დუქნები, სახელოსნოები, საცხოვრ. სახლები, ძაფსახვევი ფაბრიკა და სხვ. ამას დაერთო გლეხთა ფართომასშტაბიანი აჯანყება (იხ. სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856–57), რ-ის ტალღა ზ-საც მიწვდა. 1857 მაისში ზ. რამდენიმე დღით აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა. გლეხთა აჯანყება რუს. მთავრობამ საბაბად გამოიყენა და სამეგრელოს სამთავროს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა (ფორმალურად სამთავრო 1867-მდე განაგრძობდა არსებობას), მთავრის ტახტის მემკვიდრის ნიკო დადიანის სრულწლოვანებამდე სამთავროს მმართველად დანიშნული ეკატერინე ტახტის მემკვიდრესთან ერთად რუს. იმპერატორმა პეტერბურგში გაიწვია, სამეგრელოში კი რუს. მმართველობა შემოიღო და სამ ოლქად დაყო. ერთ-ერთი ოლქის ადმ. ცენტრი ზ. გახდა.

ზუგდიდი იუსტიციის სახლი.png

ზ-ის ეკონ. და კულტ. განვითარებას ახ. იმპულსები შესძინა ბატონყმობის გაუქმებამ (1867). დაარსდა საკრედიტო საზ-ბა და საკრედიტო ბანკი. ვაჭრობა-ხელოსნობის შემდგომმა აღმავლობამ და შემოსავლების ზრდამ ხელი შეუწყო საქალაქო მეურნეობის განვითარებას. შეიცვალა ქალაქის იერსახეც. მის ცენტრ. ნაწილში ზ-ის ოლქის უფროსის რ. დ. ერისთავის თაოსნობით გაშენდა ჭადრების ხეივანი, რ-ის გაყოლებაზე ერთ მხარეს ჩამწკრივდა სახელოსნოები და კომერციული ობიექტები, მეორე მხარეს – საზ. დაწესებულებები (სასამართლო, ფოსტა, ტელეგრაფი და ა. შ.); გაიხსნა სხვადასხვა საფეხურის სახაზინო, სამრევლო და კერძო სკოლები, გიმნაზია, პროფ. სკოლები, ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, საფუძველი ჩაეყარა თეატრ. ცხოვრებას. მზრუნველი ხელი დაეტყო ყოფილი მთავრების რეზიდენციასაც, რ-იც სამეგრელოს სამთავროს იურიდ. გაუქმების შემდეგ უკანასკნელი მთავრის მემკვიდრეების კერძო საკუთრებად იქცა. სამშობლოში დაბრუნებულმა ეკატერინე დადიანმა ლევან II დადიანის დროინდელი სასახლე გადააკეთა არქიტ. ე. რაისის გეგმით. ძვ. სასახლეს მარცხ. მხარეს სამსართულიანი კოშკი, დავით დადიანის აგებულ ფლიგელს კი მთელ სიგრძეზე ხის აივანი მიაშენეს, რ-იც კოშკსა და ფლიგელს შუა მოქცეულ ხისავე ფართო აივანს შეუერთეს, მოაპირკეთეს ფასადი და ფრონტონებითაც დაამშვენეს. ხეზე კვეთის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს აივნის ჩუქურთმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფართო აივნის ჭერის შემკულობა, რ-იც დაახლ. ათი ათასამდე ხელით დამუშავებული ხის მცირე ზომის ფიგურისგან შექმნილ მოზაიკას წარმოადგენს. გადმოცემის მიხედვით, მოზაიკის ფიგურების განსხვავებული ფერების მისაღებად, ისინი თაფლში მოხარშეს, ოღონდ სხვადასხვა ტემპერატურაზე, აივნის ჩუქურთმები კი დედოფლის მიერ საგანგებოდ მოწვეულმა ლაზმა ოსტატებმა დაამზადეს. დეკორ. ბაღის აღსადგენად ეკატერინემ იტალიიდან, ქ. ვარესედან (მდებარეობს მილანთან ახლოს) მებაღე-დეკორატორები გ. და ჯ. ზამბერლეტები მოიწვია. ბაღს დაუბრუნდა პირვანდელი იერსახე და დანიშნულება. იმავე ხანებში ნიკომ არქიტ. ვასილიევის პროექტით ახ. ორსართულიანი სასახლე ააშენა. 1917 ზ-ს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. იმავე წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ შეიქმნა საქალაქო თვითმმართველობა. საქართველოს დემოკრ. რესპ. დროს, 1919, ჩატარდა ადგილ. თვითმმართველობის არჩევნები, რ-ის შედეგად ჩამოყალიბდა ზ-ის სამაზრო ერობა და მისი გამგეობა. 1921, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ზ. მაზრის ადმ. ცენტრად რჩებოდა. 1929, ადმ. რეფორმის შემდეგ, ზ. რაიონის ცენტრი გახდა. 1966 ზ-ს მიენიჭა რესპ. დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი, 2014 ადგილ. თვითმმართველობის კანონის თანახმად – თვითმმართველი ქალაქისა. ზ-ში ლიტ. საქმიანობა ადრეული ხანიდან შეინიშნება. ხელნაწერთა გამრავლებაზე ზრუნავდნენ ლევან I დადიანი, გიორგი III დადიანი და სხვ. ლიტ. მუშაობა გაცხოველდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მ. თავაქარაშვილი და ბ. ვაჩნაძე. XVII ს. II ნახევარში აქ შეიქმნა პოპულარული საზღაპრო თხზ. “რუსუდანიანი”. ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ინტენსიურად მრავლდებოდა ხელნაწერები. ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ნ. გ. დადიანი, გ. ლ. დადიანი და სხვ. დადიანთა წიგნსაცავიდან მოღწეულია ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია. ზ-ში არის ჩაის პირველადი გადამუშავების, თხილის გადასამუშავებელი, ეთეროვანი ზეთების მწარმოებელი, საფეიქრო, საკონსერვო, ღვინის, ყველ-კარაქის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების, პურის, ხორცპროდუქტების და სხვ. საწარმოები. 2002-მდე ფუნქციონირებდა “ზუგდიდის ფაიფური”. უმნიშვნელო დატვირთვით მუშაობს “ენგურქაღალდკომბინატის” რამდენიმე საწარმო. ზ-ში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ქორეოგრ. სტუდია, ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფტექ. სასწავლებელი, ჩაის, სუბტროპ. კულტურების და ჩაის მრეწვ. ზუგდიდის სამეცნ. ცენტრი, ბიბლიოთეკები, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, სასტუმროები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, კულტსახლი, კინოთეატრი, ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრი, კულტ. და დასვენების პარკები, სამედ. დაწესებულებები, სპორტ. კომპლექსი, იპოდრომ-სტადიონი, ტურბაზა. ქართ. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან შემორჩენილია სამეგრელოს მთავრების – დადიანების სასახლე, ეკლესია და სხვა ნაგებობანი (ძირითადად XIX ს.). ქალაქის განაპირას, გორაკზე, აღმართულია, სავარაუდოდ, XIV ს. II ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რ-ის დას. კარიბჭეზე სამრეკლოა დაშენებული. თლილი კვადრებით მოპირკეთებული ეკლესიის კარ-სარკმლები მოჩუქურთმებულია. ქალაქის ცენტრი გამწვანებულია, ქუჩები განაშენიანებულია საცხოვრ. სახლებით, ადმ. და საზ. ნაგებობებით. ლიტ.: მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; მესხია შ., ზუგდიდი თუ ზუბდიდი, «ორიონი», ა. შანიძისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1967; მეუნარგია ი., დავით დადიანი და მისი დრო, თბ., 2002; ტუღუში ა., ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან, თბ., 2012. გ. არახამია. პ. ზაქარაია. კ. კაჭარავა.ლ. მენაბდე. მ. შენგელაია.


ზუგდიდი სამხარეო ადმინისტრ.png