ზუგდიდის მაზრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუგდიდის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. ზ. მ. შეიქმნა 1867 წ. 16 აპრილს, მაზრის ცენტრი – ზუგდიდი. 1867 ზ. მ-ის სოფლები სასოფლო თემებად გაერთიანდნენ. 1888, როდესაც მაზრები საპოლიციო უბნებად დაყვეს, ზ. მ. სამ საპოლიციო უბნად დანაწილდა: ზუგდიდის, რედუტკალესა და წალენჯიხის. ზუგდიდის საპოლიციო უბანში 1888-იდან 1917-მდე შემდეგი სასოფლო თემები შედიოდა: აბასთუმნის, დარჩელის, ზუგდიდის, კახათის, კოკის, კორცხელის, გულისკარის, ნიკოსიის, ობუჯის, ხიბულის, ცაიშის, წაქვინჯისა და ჭკადუაშის. 1909–12 ობუჯის სასოფლო საზ-ბა გადაეცა წალენჯიხის საპოლიციო უბანს და ზუგდიდის საპოლიციო უბნის შემადგენლობაში თორმეტი სასოფლო თემი დარჩა. რედუტ-კალეს საპოლიციო უბანი დაყოფილი იყო შვიდ სასოფლო თემად: ზანას, ქვალონის, ნოჯიხევის, საჯიჯავოს, ხეთის, ხორგისა და ხორშის. 1900 ამ სასოფლო თემებს დიდი ნეძვის სასოფლო საზ-ბა შეუერთდა. წალენჯიხის საპოლიციო უბანში შედიოდა სასოფლო თემები: ახუთის, ჯვარის, ჯგალის, კირცხის, ლესიჭინეს, ლეწურწუმეს, ლიას, მუხურის, ფახულანის, წალენჯიხის, ჭოგისა და ჩხოროწყუს. ზ. მ. ყოფილი სამეგრელოს სამთავროს ჩრდ.-დას. ნაწილს მოიცავდა, ფართობი 2975,9 კმ2, მოსახლეობა 11,5 ათ. კაცი (1894). ეროვნ. შემადგენლობა – ქართველები. მაზრას ესაზღვრებოდა: აღმ-ით და სამხრ-ით – სენაკის მაზრა; ჩრდ.-დას-ით – სოხუმის ოკრუგში შემავალი სამურზაყანოს საპოლიციო უბანი; ჩრდ-ით – ლეჩხუმის მაზრის სვანეთის საპოლიციო უბანი. ზ. მ. 1930 გაუქმდა. თანამედროვე ადმ.-ტერ. დარაიონებით მოიცავდა ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. წყარო: Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 12, Тфл., 1904; Кавказский календарь на 1909 год, Тфл., 1908, л. 454–458; Списки населенных мест Кавказского края, в. 5 –Кутаисская губерния, Тфл., 1879. ზ. ცინცაძე.