ზუდჰაიმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუდჰაიმი (Sudheim) ლუდოლფ ფონ, XIV ს. გერმანელი სასულიერო პირი, წარმოშობით ვესტფალიიდან. 1336–41 იმოგზაურა აღმოსავლეთში. 1336 მოინახულა იერუსალიმი. მისი ცნობა ქართველების შესახებ დათარიღებულია 1347–ით, სადაც ნათქვამია: “ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი. ქართველები წმინდა საფლავის გასაღებს ფლობენ, რადგან ისინი განსაკუთრებით თაყვანს სცემენ მაცხოვარის საფლავს და ასევე ბრწყინვალე მცველები არიან”. ზ. ქებას ასხამს ქართველთა მხედრულ ძლევამოსილებას. ზ-ის მიხედვით ქართველებს აქვთ საკუთარი ენა და წმ. გიორგის დროშები. ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004. ა. თვარაძე.