ზურაბაშვილი ავლიპი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა ზურაბაშვილი.png

ზურაბაშვილი ავლიპი დავითის ძე [2(15).II.1902, სოფ. ბოდბისხევი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 15.VIII.1994, თბილისი], ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955), სსრკ-ის მედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), მედ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1942), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). 1927 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1927–31 მუშაობდა ამავე უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ფსიქიატრიის კლინიკაში მ. მ. ასათიანის ხელმძღვანელობით, 1931–38 – ლენინგრადში ს. კიროვის სახ. სამხ.-სამედ. აკად. ფსიქიატრიის კლინიკაში ვ. ოსიპოვთან; ამავე დროს მუშაობდა აკად. ვ. ბეხტერევის სახ. ტვინის ინ-ტში, აკად. ი. პავლოვის სახ. ფიზიოლ. ინ-ტში და ექსპერიმენტული მედ. საკავშ. ინ-ტში. 1938–50 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლ. განყ-ბის ხელმძღვანელი, 1938–64 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე, 1938–94 – მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. ზ-ის გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინ. ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლ. საკითხებს. მან ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა, შეისწავლა ადამიანის თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის მორფოლ. განვითარების კანონზომიერებანი, შეიმუშავა მხედველობის ბორცვების ონტოგენეზური კლასიფიკაცია, შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტის ორიგინ. მეთოდი; განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. 1955 გამოკვლევებისათვის სინაფსოარქიტექტონიკაში ზ-ს მიენიჭა საქართვ. მეცნ. აკად. ი. თარხნიშვილის სახ. პრემია, ხოლო 1963 ფსიქიატრიის თეორ. პრობლემების დამუშავებისათვის – სსრკ მედ. მეცნ. აკად. ვ. ბეხტერევის სახ. პრემია. ზ. იყო ტვინის შემსწავლელი საერთაშ. ორგანიზაციის წევრი (1962). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. იყო თბილ. საპატიო მოქალაქე (1983). თხზ.: ფსიქიატრია (სახელმძღვანელო), თბ., 1971; Синапсы и обратимые изменения нервных клеток, 2 изд., Тб., 1958; Вопросы патоархитектоники лучевого поражения, Тб., 1962 (თანაავტ.: Б. Р. Нанеишвили); Актуальные проблемы персонологии и клинической психиатрии, Тб., 1970. ლიტ.: ავლიპი ზურაბაშვილი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ნ. ბაღათურია, ი. დუდუჩავა, თბ., 1984; Минковский Е., К 70-летию А. Д. Зурабашвили, «ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის შრომები», 1974, ტ. 19–20.