ზურაბიშვილი ივანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი ზურაბიშვილი.png


ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (26. I. 1872, ფოთი, – 14. VI. 1940, საფრანგეთი), საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, ჟურნალისტი. 1891 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1895 – მოსკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში, დაქორწინდა ნ. ნიკოლაძის ასულ ნინოზე. 1896-იდან თბილისშია. მუშაობდა კერძო იურიდ. ფირმაში, 1908–19 იყო ამიერკავკ. რკინიგზის მთ. იურისკონსულტი. ეწეოდა პუბლიც. და მთარგმნელობით მოღვაწეობას, აქვეყნებდა ნოველებს, ესკიზებს, რუსულად თარგმნა დ. კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველას მოთხრობები. იბეჭდებოდა გაზეთებში: “ივერია”, “ცნობის ფურცელი”; ჟურნალებში: “მოამბე”, “ერი”; რუს. პრესაში: “ნოვოე ობოზრენიე”, “ვოზროჟდენიე”. თარგმნიდა ა. ფრანსის, გი დე მოპასანის, ა. დოდეს, შ. ბოდლერის, ჰ. სენკევიჩისა და სხვ. ნაწარმოებებს. 1907 გაზ. “ამირანში” (#84–124) დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი იაპონელი მწერლის კენძირო ტოკუტომის ვრცელი რომანი “ნამიკო”. ზ. მონაწილეობდა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”, ქართ. სათავადაზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტისა და ქართ. დრამ. საზ-ბის მუშაობაში. XX ს. დასაწყისიდან ქართ. საზ-ბის ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეფუძნებინა ეროვნ. მიმართულების მოძრაობა ი. ჭავჭავაძის მეთაურობით. საადგილმამულო ბანკში მოწვეულმა კრებამ მოძრაობის პოლიტ. ხელმძღვანელად ზ. აირჩია. 1905 რევოლუციისა და მომდევნო რეაქციის ხანაში მოძრაობა პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, 1918 დაარსდა ეროვნ.-დემოკრ. პარტია, რ-ის წევრიც იყო ზ. იმავე წელს იგი ედპ-ის ცკ-ის წევრად აირჩიეს, შემდეგ კი – საქართვ. სენატის წევრად. 1921 ზ. საკათოლიკოსო საბჭოს მრჩეველია. 1921 ზ. ცოლ-შვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, თავდაპირველად სტამბოლში, შემდეგ კი – პარიზში დასახლდა. ბეჭდავდა წერილებს ემიგრანტულ პრესაში ფსევდონიმებით: “ვინ-ზენ”, “ზ-ლი”, “ჟანზეტ”, “დარბაისელი”. 1936 გამოაქვეყნა წიგნი “საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა”; 1962 კი პარიზში, დაბეჭდა მოგონებათა წიგნი “კარგ ქართველთა ხსოვნისათვის”, რ-ის დასრულებაც ზ-მა ვერ მოასწრო. ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა გ. რობაქიძემ. ზ. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე (პარიზის მახლობლად). თხზ.: კარგ ქართველთა ხსოვნისათვის, პარიზი, 1962; მოთხრობები, შემდგ. და შესავალი წერილის ავტორი ვ. წოწელია, თბ., 1965. ლიტ.: შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 1, თბ., 1991. გ. შარაძე. ვ. წოწელია.