ზურაბ არაგვის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურაბ არაგვის ერისთავი (გ. 1631), ქართლის დიდი თავადი, ნუგზარ არაგვის ერისთავის მეორე ვაჟიშვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ერისთავი უფროსი ძმა ბაადურ (ბაინდურ) არაგვის ერისთავი გახდა, ზ. ა. ე. მას არ დაემორჩილა და ცოლთან ერთად სპარსეთში გადაიხვეწა. გ. სააკაძის შუამდგომლობით (ზ. ა. ე. სააკაძის ცოლისძმა და აღზრდილი იყო) შაჰმა ერისთავობა უბოძა. ზ. ა. ე-მა ბაადური გააძევა, დაიმორჩილა მთიულეთი, ხევი და უფრო გაძლიერდა. როდესაც ქართლის ხანმა სიმონმა (იხ. სიმონ II) გადაწყვიტა შაჰისათვის ქართლის თავადების ურჩობაზე შეეჩივლა, ზ. ა. ე-მა დაასწრო და თვითონ ეახლა შაჰს. აბას I-მა სიმონ-ხანი გ. სააკაძისა და ზ. ა. ე-ის თანხლებით უკან დააბრუნა, თან დიდი ჯარი გამოაყოლა ყარჩიხა-ხანის სარდლობით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სააკაძემ ზ. ა. ე-ს აჯანყების მზადების ამბავი გაანდო. ერისთავი თავდაპირველად ყოყმანობდა, რადგან მისი ცოლი შაჰს თავისთან ჰყავდა დატოვებული. გ. სააკაძე მას კახეთის გამგებლის ფეიქარ-ხანის მეუღლის ლელა-თინათინ ბატონიშვილის (ლუარსაბ მეფის და) ცოლობას შეჰპირდა. ზ. ა. ე. დათანხმდა, რადგან იგი ამ აქტით ქართლის ბაგრატიონთა ოჯახს უმოყვრდებოდა. მან ქართლისა და კახეთის თავადებს სააკაძის გეგმა გააცნო, რ-ებმაც აჯანყების ხელმძღვანელობა გ. სააკაძეს და ზ. ა. ე-ს მიანდვეს. მარტყოფის ბრძოლის შემდეგ (იხ. მარტყოფის ბრძოლა 1625) ზ. ა. ე. კახეთისაკენ გაემართა, რათა ფეიქარ-ხანისათვის საცოლე წაერთმია, მაგრამ გაქცეულებს ვეღარ დაეწია და სააკაძის შუამდგომლობით ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი. მარაბდის ბრძოლაში (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625) დიდი შემართებით მებრძოლი ზ. ა. ე. თავში დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა. როცა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მან მეფეს დაუჭირა მხარი. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ (იხ. ბაზალეთის ბრძოლა 1626) კი ქართლისა და კახეთის სამეფოთა ცალ-ცალკე არსებობის მომხრე იყო: “სწადდა, რათა იყოს თეიმურაზი კახბატონად და სიმონ ქართლისად და ორნივე იყვნენ მავედრნი მისნი” (ვახუშტი). მალე იგი სიმონ II-ს დაუახლოვდა და მთელი ქართლის ფაქტობრივი ბატონი გახდა, თეიმურაზთან კი ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა. აბას I-ის სიკვდილის შემდეგ (1629) თეიმურაზმა გადაწყვიტა სპარსეთში წასვლა. სხვა საქმეთა გარდა, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო ზ. ა. ე-ის მძლავრობისაგან თავის დაღწევა. ერისთავმა საფრთხე იგრძნო, სხვილოსში მძინარე მეფე სიმონს თავი მოჰკვეთა და თეიმურაზს გაუგზავნა (1631). თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფე გახდა. ზ. ა. ე. სათავეში ედგა თეიმურაზის მიერ მოწყობილ ლაშქრობას ლეკების წინააღმდეგ, რ-ებიც აბას I-ის ლაშქრობათა დროს კახეთს არბევდნენ. თეიმურაზი მარჯვე დროს ეძებდა ერისთავის მოსაშორებლად. მან სიმონ მეფის მოკვლისათვის შურისძიების საბაბით ზ. ა. ე. მოაკვლევინა და თავი შაჰს გაუგზავნა. ქართ. ხალხ. სიტყვიერებაში ზ. ა. ე. მოხსენიებულია როგორც თუშ-ფშავ-ხევსურთა მოსისხლე მტერი, დამპყრობელი, სისხლის დამქცევი, უზნეო და უგვანო საქმეთა ჩამდენი, ტყვეთა გამყიდველი. მას ხშირად უწყობდნენ თავდასხმებს, თუმცა უშედეგოდ. შემთხვევითი არ არის, რომ ზ. ა. ე-ის მიერ განაწამებმა მთიელებმა თეიმურაზის წაქეზებით აქტ. მონაწილეობა მიიღეს მის მკვლელობაში. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ისკანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969; ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ქს. სიხარულიძის გამოც., [ტ.] 1, თბ., 1961. ლიტ.: კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810 წწ.), ტფ., 1922; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. გ. ნარსია.