ზურნა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურნა.png

ზურნა, აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული კონუსის ფორმის ერთღეროვანი ჩასაბერი მუსიკალური საკრავი. თვით ტერმინიც არაბ.-სპარს. წარმოშობისაა. ივ. ჯავახიშვილის აზრით ამ საკრავის გავრცელება აღმ. საქართვ. რეგიონებში ძირითადად XVII ს-იდან იწყება. საქართველოში ამზადებენ უმთავრესად გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისაგან, ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7–8 თვალი, ზურგის მხრიდან – ერთი. ბოლო განიერი აქვს. ღეროს სიგრძე 28–30 სმ. ზ-ის დიაპაზონია მცირე ოქტავის Ь – III ოქტავის C. ზოგჯერ შეიძლება IV ოქტავამდე გაზრდაც. მისი მყიფე, გამყინავი და ჭყიპინა ტემბრი კარგად მიესადაგება სპორტული (ჭიდაობა, ბერიკაობა, ყაბახი და სხვ.) პაექრობების დაძაბულობასა და ლხინის, სახალხო დღესასწაულების ამაღლებულ განწყობას, რასაც დოლის რიტმული თანხლებაც უწყობს ხელს. ზ. საანსამბლო საკრავია. მეზურნეების ანსამბლს (დასტა) შეადგენენ: უსტაბაში (I მეზურნე), დამქაში (II მეზურნე) და მედოლე. იყენებდნენ აგრეთვე ბრძოლის ველზე, საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად. ხშირად იხსენიება XVII–XVIII სს. ქართ. ლიტერატურაში. ლიტ.: გრიშაშვილი ი., თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963.