ზურტაკეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურტაკეტი, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, ახლანდელ დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომარეთის პლატოზე, მდ. შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. დას-იდან ზ-ს ესაზღვრება ჯავახეთის ქედი, ჩრდ-ით – კვირიკეთის ქედი, აღმ-ით – ხრამის ხეობა, სამხრ-ით – ლუკუნის მთა. პლატოს სიმაღლე 1200–1600 . ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) თავის “გეოგრაფიაში” ზ-ის აღწერას იძლევა, 46 სოფლის სიას კი აწერია – “გომარეთი და ზურტაკეტა”. შესაძლოა ეს ფაქტიც ამ გეოგრ. ერთეულში ჩამოყალიბებულ ორ მიკროქვეყანაზე მეტყველებს. მატერ. კულტ. ძეგლებიდან აღსანიშნავია გათხრილი და შესწავლილი ყორღანები, რ-ებიც ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრით თარიღდება (ო. ჯაფარიძე). შუა საუკუნეთა ძეგლებიდან გამოირჩევა ციხე-ქვაბი და მუსის ციხე, გომარეთის ადრეული სტელები, ეკლესიების დიდი რაოდენობა, რ-თაც მნიშვნელოვანი წარწერები ახლავთ. საყურადღებოა ქარვასლის ნანგრევი სოფ. სალამალეიქის (ახლანდ. სოფ. ქარვასლა) მახლობლად; იგი, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, ყოფილა “თამარ მეფისაგან აღშენებული ზამთარ მოგზაურთათვის”. ამჟამად იქაური მოსახლეობა ნარევია (ქართველები, სომხები, თურქულენოვანი ბერძნები). უდიდესი ქართ. სოფელია გომარეთი, რ-იც ძვ. წყაროებშიც ასევე მოიხსენიება. ვახუშტი წერს: “აქა არს დაბა დიდი გომარეთი, ვითარცა მცირე ქალაქი”. მხარის დაწინაურებას ხელს უწყობდა ქვემო ქართლიდან ჯავახეთისაკენ გამავალი გზა. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941. ლიტ.: ბერძენიშვილი დ., თრიალეთის უცნობი წარწერები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1982, ტ. 6; ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969. დ. ბერძენიშვილი.