ზღმარტლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღმარტლი.png

ზღმარტლი (Mespilus), ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. გვარში მხოლოდ 2 სახეობაა – M. germanica da M. canescens (ჩრდ. ამერიკაში). პირველი გავრცელებულია სამხრ.-აღმ. ევროპიდან ცენტრ. აზიამდე, ირანში. საქართველოში ყველგან გვხვდება, 1,5–5 -მდე სიმაღლის ეკლიანი ან უეკლო ხე ან ბუჩქია. მისი ყლორტები მოწითალო მურა ფერისაა, ნორჩობაში შებუსულია. მოგრძო ლანცეტა ან ელიფსური ფოთლები და დიდი თეთრი მარტოული ყვავილები აქვს. ნაყოფი მსხლისებრი ან სფეროსებრი კურკიანია; მკვახე მაგარი და მწკლარტეა, გადამწიფებული – რბილი და ტკბილი. ჩვენში იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, ზ. დ. 1200 -მდე, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, ტენიან ადგილებზე, კარგად ხარობს კირიან ნიადაგებზე. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყრით. ხელოვნურად ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქარსა და C ვიტამინს, ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი – მთრიმლავ ნივთიერებებს. თაფლოვანი მცენარეა. მ. გურგენიძე.