ზღუდერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღუდერი (ყოფ. ზორეთი), სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდინარეების ძამისა და ღვანანის (მტკვრის აუზი) შეერთების ადგილას. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., აბუხალო, არცევი, ბანი, ბატიური, გვერძინეთი, ელბაქიანთკარი, იმერხევი, კოდმანი, კოშკინეთი, მუხილეთი, ორთუბანი, სათერძე, სუქანაანთუბანი, ტყემლოვანა, ქვათეთრი, ყინწვისი, ძაძვისმონასტერი, წითელსოფელი, წიფლოვანა). ზ. დ. 770 მ, ქარელიდან 12 კმ. 283 მცხ. (2002). ზ. შუა საუკუნეების საქართველოში ერთ-ერთ გაცხოველებულ მაგისტრალზე მდებარეობდა. მის მახლობლად იყო ისეთი ცნობილი ძეგლები, როგორიცაა სამწევრისის ეკლესია და ციხე, მძოვრეთისა და ყინწვისის კომპლექსები, ძამის ციხე და სხვ., რ-თა უმრავლესობა ძლიერი ფეოდალების ფანასკერტელ-ციციშვილების კუთვნილება იყო. სოფელში, ერთმანეთის გვერდით შემონახულია 2 ეკლესიის ნანგრევი და გალავნის ნაშთი (ძეგლები ძლიერ დაზიანდა 1940 მიწისძვრის დროს). ერთი მათგანი – VI ს. მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია – ნაგებია დიდ-დიდი თლილი კვადრებით. სამხრ. კარის თავზე ღია ლუნეტი აქვს. V ს. განეკუთვნება მეორე ნაგებობის – მოზრდილი სამეკლესიიანი ბაზილიკის თავდაპირველი სამშენებლო ფენაც. იგი პირვანდელი სახით წარმოადგენდა სამნავიან ბაზილიკას, რ-საც ინტერიერში ორი წყვილი, გეგმით ჯვრისებრი სვეტები ჰქონდა (ამ ტიპის სვეტები აქვთ ისეთ ბაზილიკებს, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ურბნისის, ანჩისხატის ბაზილიკები, წილკნის ტაძარი). მშენებლობის შემდეგი ფენები, შესაბამისად, X–XI და XIII–XIV სს-ით თარიღდება. ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. სამხრ. შესასვლელს ვაზის სტილიზებული გამოსახულება ამშვენებს (XI ს.). 1984–85 ძეგლზე ჩატარდა გამწმენდი სამუშაოები. ლიტ.: რჩეულიშვილი ლ., ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი, «ქართული ხელოვნება», 1948, ტ.2; შმერლინგი რ., ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, თბ., 1954. თ. სანიკიძე. დ. სვანიძე.