ზღუდრის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღუდერი.png

ზღუდრის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, მდ. ძამის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე, ადგილ გოჩაანთკარში (ქარელის მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1964–66 (ხელმძღვ. გ. ნემსაძე). სახელწოდება მომდინარეობს სახელიდან “ზღუდე”, “შემოზღუდული ადგილი” (ე. ი. ქალაქი). გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. ბოლო – I ათასწლ. დასაწყ.) სამაროვანი – 10 ორმოსამარხი და 6 ქვაწრიული ყორღანი (დიამ. 5 ), რ-შიც თითო მიცვალებული ესვენა. მათ ჩატანებული ჰქონდათ შავად და ნაცრისფრად გამომწვარი ზოგჯერ ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი (ქოთნები, ლანგრები, სადღვებელი), სამკაული (ბრინჯაოს თავხვია საკინძები, სამაჯურები და ბეჭდები, სარდიონის, მინისა და პასტის მძივები), შრომისა და საბრძოლო იარაღი (ბრინჯაოს ნემსი, მახათი, ისრისპირები, რკინის მასრა, გახსნილი შუბისპირი). ყორღანებში ჩაშვებულია ორმოსამარხები, რ-ებშიც კიდურებმოხრილ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (ფიალები, ტოლჩები, ლანგრები) და ბრინჯაოს სამკაული (თავხვია საკინძები, სამაჯურები). გათხრების შედეგად აღმოჩნდა აგრეთვე გვიანდ. ანტ. ხანის (II ს. ბოლო – IV ს. დასაწყ.) დიდგვაროვანთა სამაროვანი. ორმოსამარხებსა და ქვის სარკოფაგებში გვხვდება თითო-თითოდ და წყვილად დაკრძალვაც. თავით დას-კენ დასვენებულ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი (მ. შ. ბერძნ. და არაბულწარწერებიანი ლანგარი, კოვზი და თასი; ცეცხლოვანი ბომონისა და საკურთხევლის წინ მდგარი ცხენებისგამოსახულებიანი პინაკები და სხვ.), სამკაული (ძვირფასი თვლებით შემკული საყურეები, გემიანი ბეჭდები, სამაჯურები, აბზინდები, ვარდულები და სხვ.), რიტუალური დანიშნულების ნივთები (ბრინჯაოს გრიფონი; 2 სასაკმევლე, რ-თაგან ერთი ხარის თავის გამოსახულებას, მეორე კი ტაძრის მოდელს წარმოადგენს), იმპორტული მინის ნაწარმი, ვერცხლის გარსაკრავებიანი ხის სარეცლის ფეხები, ოქროსა და ვერცხლის რომაული და პართული მონეტები. ანალოგიური მასალა საქართველოში მრავლად გვხვდება (ბორი, ბაგინეთი, კლდეეთი, მცხეთა-არმაზი, ჟინვალი). დიდგვაროვანთა სამარხების გვერდით აღმოჩნდა მათი თანადროული ღარიბული ორმოსამარხებიც. მიცვალებულები იწვნენ მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოხრილნი. ჩატანებული ჰქონდათ მოვარდისფროდ და ლეგად გამომწვარი თიხის ხელადები, ვერცხლის ბეჭდები (ერთს – ოქროს რგოლებიანი საყურე), თითო პართული ვერცხლის მონეტა. სამაროვნის ჩრდ-ით, დაახლ. 80 -ზე გაითხარა გვიანდ. ანტ. ხანის (III–VI სს.) ნასახლარი. აღმოჩნდა ქვის ნაგებობის საძირკველი (სიგანე 1,5 ), დიდი ზომის რამდენიმე ორყურა ჭურჭელი, რ-თა ყურები შემკულია მზის სტილიზებული გამოსახულებით. აღნიშნული ნამოსახლარის აღმ-ით, დაახლ. 150 მ-ზე, გაითხარა შუა საუკუნეების ხანის ნამოსახლარი. აღმოჩნდა საცხოვრებელი (ოთხკუთხა ოთახები მიწატკეპნილი იატაკებით, დედაბოძისა და კერის ნაშთები) და სამეურნეო (ზეთსახდელი) ქვის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, თონეები, ზეთის სახდელი საწნახელი, კერამ. ჭურჭელი, წყალსადენის მილი და სხვ. გ. ნემსაძე.