თაბორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბორი, თაბორის ციხე, შუა საუკუნის ციხესიმაგრე თბილისის სამხრ.აღმ. მისადგომებთან, თაბორის ქედის უკიდურეს ჩრდ.დას. ნაწილში, ბოტან. ბაღის თავზე. შემორჩენილია საძირკვლის ნანგრევები. სახელწ. „თაბორი” ქედსა და ციხეს ეწოდა „ახალ აღთქმაში” მოხსენიებული იერუსალიმის თაბორის მთის მიხედვით. თ. კონტროლს უწევდა განჯის გზას და იცავდა ქალაქის კარიბჭის – განჯის კარის მისადგომებს. თ. წყაროებში პირველად იხსენიება 1045, როცა მეფე ბაგრატ IVმ ქალაქი და ციხესიმაგრეები დაიკავა, მათ შორის „...ორნივე კოშკინი წყალყინისანი და თაბორი” („მატიანე ქართლისა”). აღნიშნული ამბის შემდეგ თ. დიდხანს აღარ იხსენიება და გვხვდება 1723, როდესაც იგი მცირე ხნით კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მ (მაჰმად-ყული-ხანი) დაიკავა, მაგრამ მალევე დაკარგა: „შეეპარნენ თაბორსა ჯარი ქართველთა და აიღეს თაბორი” (სეხნია ჩხეიძე). 1735 და 1743 ციხესიმაგრე სპარსელებმა დაანგრიეს. 1748 მეფე ერეკლე IIმ თ. იერიშით აიღო, სპარსელთა გარნიზონი განდევნა და „დააყენა მუშა ფრიადი, შემოავლო სწრაფად გალავანი თაბორის ციხეს და დააყენა ჯარი კახთა”... (პაპუნა ორბელიანი). კრწანისის ბრძოლის დროს „მედგრად ამუშავებდა დავით ბატონიშვილი ზარბაზნებს თაბორის აყოლება კლდოვანი სერით და მუსრს ავლებდა სპარსთა რაზმებს”. შემდგომ აღამაჰმადხანმა ქალაქთან ერთად თის ციხეც საბოლოოდ დაანგრია (იხ. აგრეთვე სტ. კრწანისის ბრძოლა 1795). თ-ის ტერიტორიაზე იდგა აგრეთვე ეკლესია, რ-იც პირველად მოხსენიებულია 1392, თუმცა იგი გაცილებით ძველი უნდა ყოფილიყო. XIX ს. ისტორიკოსი პ. იოსელიანი წყაროს მიუთითებლად მას ფერისცვალების ეკლესიად მოიხსენიებს, რაც ადასტურებს სახელწ. „თაბორის” კავშირს ქრისტ. რელიგ. მოვლენასთან. ვახუშტი ბატონიშვილის 1735 ქალაქის გეგმაზე თის ქედზე აღნიშნულია ეკლესია. 1776 წყალობის სიგელში ვხვდებით თის უცხოენოვან თურქ. სახელს „ყორჩიყალა” (მცველი ციხე). 1800 თბილ. გეგმის მიხედვით თზე დგას „Разоренное укрепление Корчакала”. ციხეს ამავე სახელწოდებით იხსენიებს პ. იოსელიანიც. 1972 აქ ჩატარდა არქეოლ. გათხრები, გამოვლინდა სიმაგრის ნაშთები. ეკლესიის ნანგრევებს ექსპედიციამ ვერ მიაკვლია. წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლიტ.: ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977; Иоселиани П. И., Описание древностей гოрода Тифлиса, Тфл., 1866. თ. ბერიძე.