თადეოზ სტეფანწმინდელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თადეოზ სტეფანწმინდელი, თათა სტეფანწმინდელი, ერთერთი ასურელი მამა. ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთის მღვიმეში, ახლანდ. კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება (იხ. აგრეთვე ასურელი მამები). შერაცხილია წმინდანად. წმ. თ. ს. მოიხსენიება 7 (20) მაისს ღირს იოანე ზედაზნელსა და მის ათორმეტ მოწაფეთა შორის. ლიტ.: კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ. – ათენი, 2003. ბ. ლომინაძე.