თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო, ქართველ თავადაზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1803 საქართვ. მთავარმართებელ პ. ციციანოვის ხელმძღვანელობით. 1803 წ. 2 მაისს შეიკრიბა აღმ. საქართველოს თავადაზნაურობის I ყრილობა. თვით პ. ციციანოვმა შეადგინა 1803 წ. 31 მარტს თ. დ. სს `დებულება”, რშიც მოცემული იყო თავადაზნაურთა საკრებულოს დაარსების მიზნები, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესები. ხმის უფლება ჰქონდა იმ თავადსა და აზნაურს, რ-საც 20 წელი შეუსრულდებოდა და ამასთანავე მოეპოვებოდა საკუთრება. იმ თავადაზნაურებს, რთაც საკუთრება (ყმა-მამული) სრულებით არ გააჩნდათ, ყრილობაზე დასწრება შეეძლოთ, თუმცა ხმის უფლება არ ჰქონდათ და, მით უმეტეს, არც თანამდებობებზე ირჩევდნენ. საკრებულოში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აგრეთვე აზნაურთა მთელ ფენას. თ. დ. სს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 3 წელიწადში ერთხელ. იგი ირჩევდა თავადაზნაურთა როგორც `საქართველოს გუბერნიის” (ქართლ-კახეთის), ისე მაზრების წინამძღოლებს (მარშლებს), რთაც უფლება ჰქონდათ, თავადაზნაურობის საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით, მიემართათ ან ეშუამდგომლათ `საქართველოს უზენაეს მთავრობაში” ან რუს. მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თ. დ. ს. მოწყობილი იყო რუს. შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმს თავისი სოც.პოლიტ. და საადგილმამულო გეგმები გააჩნდა, რაც ხშირად ქართვ. თავადაზნაურობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. იგი ფაქტობრივად დიდ ანგარიშს არ უწევდა საკრებულოს, ითვალისწინებდა თავადაზნაურთა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რ-ებიც რუს. ცარიზმის პოლიტიკას შეესაბამებოდა ამა თუ იმ ეტაპზე. თ. დ. სს ძირითადი საქმიანობა საქართველოში თავადაზნაურთა საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით, მათი წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. ამდენად, ეს ორგანიზაცია სუსტი და უფრო ფორმალური იყო, ვიდრე ქვეყნის პოლიტ. ცხოვრების აქტ. მონაწილე. თ. დ. სს დაარსებით ცარიზმს სურდა, ქართვ. თავადაზნაურობა ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოც.პოლიტიკურად რუს მემამულე – `პომეშჩიკებთან” გაეთანაბრებინა, გაერუსებინა და თავის სოც. და პოლიტ. დასაყრდენად ექცია. დას. საქართველოში, ქუთაისში, თავადაზნაურთა ასეთი ორგანიზაცია გაცილებით გვიან, 1851 შეიქმნა. ლიტ.: გოგოლაძე დ., საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800–1864 წწ., თბ., 1971; კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (XIX საუკუნე), თბ., 1954. დ. გოგოლაძე.