თავართქილაძე ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავართქილაძე ნიკოლოზ ტარიელის ძე (15. XI. 1905, სოფ. ქვენობანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 29. I. 1989, თბილისი), საბჭოთა არმიის გენერალმაიორი (1942). 1927 დაამთავრა ქართ. გაერთიანებული სამხ. სკოლა, 1939 – მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკად. კურსები და დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხ. ოლქში ერთერთი დივიზიის ოპერატიული ნაწილის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მეთაურობდა 76ე მსროლელ დივიზიას (1942იდან – 51ე გვარდიის მსროლელი დივიზია), 1943–45 – 23ე გვარდიის მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა სტალინგრადის, ორიოლკურსკის ბრძოლებში, იბრძოდა უკრაინის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის. 1945იდან იყო საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაური. 1954 დაამთავრა საბჭ. არმიის გენშტაბის აკად. კურსები. 1958იდან თადარიგში იყო. თ. ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებისა და კინოსცენარების ავტორია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. თხზ.: იყო ასეთი დღეები, [წგ. 1–2], თბ., 1959–62; მრისხანე დღეები, თბ., 1975. ტ. ჩინჩილაკაშვილი.