თავისუფალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი, ეკონომიკურად და იურიდულად დამოუკიდებელი გლეხი შუა საუკუნეების საქართველოში; პრაქტიკულად უბატონო, ბატონყმური ურთიერთობიდან თავისუფალი პირი. თის უფლების მოსაპოვებლად ორი გზა არსებობდა: მშვიდობიანი – ბატონთან შეთანხმებით, ქრთამითა და თავის გამოსყიდვით სრული თავდახსნა მიწიანად ან უმიწოდ; პირადი დამსახურებისათვის ბატონის წინაშე. მეორე გზა რთული იყო: გლეხის მიერ ძალით მოპოვებული თავისუფლება, რაც ძირითადად აყრაგაქცევით გამოიხატებოდა. 1765 ერეკლე II–ანტონ Iის განჩინებით გაჩნდა თავისუფლების მოპოვების ახ. გზა– ტყვეობიდან დამოუკიდებლად დაბრუნებული გლეხი თავისუფლად ცხადდებოდა (ამ მოვლენას მოგვიანებით გლეხთა მხრიდან ტყვეობიდან დაბრუნების” სიმულაციაც მოჰყვა). ძველ ბატონს მასზე უფლება აღარ ჰქონდა და ტყვეობიდან დაბრუნებული უფლებამოსილი იყო ახ. ბატონი აერჩია. მშვიდობიანი გზით მიღებული თავისუფლება ქართ. ფეოდ. კანონმდებლობით აღიარებული ნორმა იყო, ბრძოლით მოპოვებული – შეზღუდული. ბატონს უფლება ჰქონდა, აყრილგაქცეული ყმა ეძებნა (ექვსი, თორმეტი, ოცდაათი წლის განმავლობაში) და უკან დაებრუნებინა. XVII–XVIII სს. საქართველოში საკმაოდ გამოკვეთილი იყო `თავისუფალი ფენა”, მაგრამ იგი არ იყო სტაბილური წარმონაქმნი. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ იგი მოკლევადიანი მოვლენა იყო. არ არსებობდა `თავისუფლის” მემკვიდრე თ. თუმცა პროცესი მთელი XVII–XVIII სსების განმავლობაში არ წყდებოდა: ერთნი თავისუფლდებოდნენ, მეორენი – ყმებად იქცეოდნენ. მდგომარეობის შესანარჩუნებლად თ. ქალაქს აწყდებოდა – ძირითადად ხელოსანთა წრეს. ქალაქად მას არ ჰქონდა თავშესაფარი, არ ჰყავდა `პატრონი”, ვერ პოულობდა სამოქმედო არეს. იძულებული იყო ხელახლა ჩაბმულიყო შეძლებისდაგვარად შედარებით მსუბუქ საბატონყმო ურთიერთობაში. ამიტომ ან თავს აფარებდა ეკლესიამონასტრებს (თბილ. სიონი, დავითგარეჯა და სხვ.), ან ცდილობდა შეღავათიანი პირობებით დაწერილიყო სამეფო ყმად. უკიდურეს შემთხვევაში ისევ საბატონო ყმად იქცეოდა. ამ გზით ყოფილი თ. – ნებით მოსულ”, `წყალობის ყმად”, თავშეწირულ” და სხვ. კატეგორიის გლეხად იქცეოდა. ლიტ.: მეგრელაძე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979. დ. მეგრელაძე.