თავისუფალი ვაჭრობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ვაჭრობა, საერთაშორისო ვაჭრობაში რაიმე წინააღმდეგობების, შეზღუდვების არარსებობა ანუ საქონლისა და მომსახურებით ვაჭრობა ქვეყანათა შორის, რომელიც თავისუფალია სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისაგან. თ. ვის განვითარებაზე მოქმედებს შემდეგი ინსტრუმენტები: ტარიფები, კვოტები, სუბსიდიები, ემბარგო, არასატარიფო ღონისძიებები, სავალუტო პოლიტიკა და სხვ. ცნობილია ქვეყანათა შორის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელისშემშლელი ბარიერების ხუთი ჯგუფი: ბუნებრივი, კულტურული, სავაჭრო, პოლიტიკური და არასატარიფო ბარიერები. თ. ვ. ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნ.ტექ. პროგრესს, ინოვაციებს, ქვეყანათა პოტენციალის უკეთ გამოყენებას, კეთილდღეობის ამაღლებას, რაც, მთლიანობაში, საჭიროა საერთაშ. თანამეგობრობის პროგრესისა და განვითარებისათვის. მსოფლიოში თ. ვის მაღალი მასშტაბებითა და მხარდაჭერით გამოირჩევა: სინგაპური, ჰონკონგი, დანია, შვედეთი, შვეიცარია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კანადა, ლუქსემბურგი, ფინეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები. თ. ვ. მნიშვნელოვნად ეხმარება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს სიღარიბის დაძლევასა და ეკონ. ზრდის მაღალი ტემპების მიღწევაში. ეკონომიკისა და ვაჭრობის გლობალიზაციის პროცესებში ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია თ. ვის შემდგომი განვითარება. იგი ხელს უწყობს მშვიდობის დამკვიდრებას, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს აკავშირებს საერთო ბიზნესსაქმიანობით. მეორე მსოფლიო ომი სწორედ იმის ყველაზე ცუდი მაგალითია, თუ რა შეიძლება მოყვეს ამ პრინციპის უგულვებელყოფას. XX ს. 30იან წლებში სავაჭრო ბარიერების გაზრდამ გამოიწვია საერთაშ. ვაჭრობის შემცირება, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო ეკონ. კრიზისი. შესაბამისად, აუცილებელი ხდება პატივისცემა და სწავლა სხვა ხალხების ენებისა და კანონების, მეტი გარკვევა სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებში. მსოფლიოში თ. ვის განვითარებაში მნიშვნელოვანია საერთაშ. ორგანიზაციების, განსაკუთრებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) როლი. სწორედ ვმოის ძირითადი მიზანია მსოფლიოში თ. ვის ხელშეწყობა. ვმო განსაზღვრავს ძირითად ნორმებს საერთაშ. ვაჭრობის სამართლიანად წარმართვისათვის. საქართველოს გააჩნია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინ. არასატარიფო რეგულირებას. მოქმედებს სამდონიანი საიმპორტო სატარიფო განაკვეთი: 0; 5 და 12%, გაუქმებულია საიმპორტო ტარიფები საქონლის დაახლოებით 90%ზე. თ. ვის სფეროში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, იგი მხარს უჭერს თ. ვის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველოს თ. ვის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს დსთის ქვეყნებთან და თურქეთთან. 2014 წელს საქართველოს გააფორმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თ. ვის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 1 სექტემბრიდან. ლიტ.: მესხია ი., საერთაშორისო ვაჭრობა, თბ., 2011; ფუტკარაძე რ., საქართველო–ევროკავშირის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 2010. რ. ფუტკარაძე.