თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია – თვეა (ინგლ. European Free Trade Association – EFTA), საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია წევრ ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის საბაჟო გადასახადები გაუქმებულია, მაგრამ საგარეო სავაჭრო ტარიფები მესამე ქვეყნებთან შენარჩუნებულია. თვეა დაფუძნდა 1960 შვიდი ქვეყნის მიერ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, დანია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. 1961 თვეას პირველი შეუერთდა ფინეთი, მომდევნო წლებში კი – ისლანდია (1970) და ლიხტენშტაინი (1991). ასოციაცია სხვადასხვა დროს დატოვეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ (1972), პორტუგალიამ (1985), ავსტრიამ, ფინეთმა, შვედეთმა (1995) და ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ამჟამად თვეაის წევრები არიან მაღალგანვითარებული ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. თვეაის ძირითადი მმართველობითი ორგანოებია: ასოციაციის საბჭო, სამდივნო და მუდმივი კომიტეტები. მთავარი სამდივნო მდებარეობს ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ბიურო – ბრიუსელში, ხოლო სტატისტ. ოფისი – ლუქსემბურგში. მისი უმაღლესი ორგანოა საბჭო, რიც ხელმძღვანელობს წევრი ქვეყნების ურთიერთობებსა და ქვეყანათა კანონმდებლობის შესაბამისობას ასოციაციის მიერ მიღებულ შეთანხმებებთან. საბჭო არის ასევე პასუხისმგებელი ასოციაციის ადმ. და საბიუჯეტო საკითხებზე, ხელს უწყობს სავაჭროეკონ. კავშირების გაღრმავებას მესამე სახელმწიფოებთან, ასევე განსაზღვრავს ურთიერთობებს საერთაშ. ორგანიზაციებთან. საბჭო ჩვეულებრივ იკრიბება წელიწადში ორჯერ ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მის სტრუქტურაში შედის: საპარლამენტო, საკონსულტაციო, ეკონომიკური, მესამე ქვეყნებთან ურთიერთობის, აუდიტორთა, საბიუჯეტო და სხვა კომიტეტები. თვეაის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს სამდივნო, რსაც ხელმძღვანელობს გენ. მდივანი (ჰყავს ორი მოადგილე და ერთი თანაშემწე). აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რსაც იხდიან წევრი ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის პროპორციულად. თვეა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშ. თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, საერთაშ. ორგანიზაციებთან და ცდილობს სავაჭროეკონ. ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებასა და გამარტივებას. მას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 24 ქვეყანასთან (2013). ამ საკითხის თაობაზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს. საქართველოსა და თვეას შორის დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ ხელი მოეწერა 2012 წ. 28 ივნისს შვეიცარიის ქ. გშტაადში. დეკლარაცია ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, მ. შ. საქართველოსა და თვეაის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით. დეკლარაცია ასევე გულისხმობს ერთობლივი კომიტეტის ჩამოყალიბებას, რიც იმუშავებს სავაჭროეკონ. ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და დეკლარაციის მიზნების მიღწევაზე. საქართველოს თვეასთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს უწყობს დიპლ. ურთიერთობები, რებიც დამყარებული აქვს ჩვენს ქვეყანას ამ ასოციაციის წევრ ქვეყნებთან (შვეიცარიასთან დიპლ. ურთიერთობები დამყარდა 1992 წ. 10 ივნისს, ისლანდიასთან – 1992 წ. 21 სექტემბერს, ნორვეგიის სამეფოსთან – 1992 წ. 5 ივნისს, ხოლო ლიხტენშტაინთან – 1992 წ. 10 ივნისს). თვეაის წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტ. მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარეობს თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭროეკონ., ტექ., ფინანს. და სხვა სფეროებში. საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის (NORLAG) მეშვეობით ნორვეგიის მთავრობა შესაბამის ქართ. უწყებებთან თანამშრომლობით მონაწილეობს სამართლისა და სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის შემდგომ სრულყოფაში. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) საქართველოში აქტიურად მუშაობს დროებით ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად. მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშ. ორგანიზაციებთან. ლიტ.: ფუტკარაძე რ., საქართველოევროკავშირის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 2010; ქარუმიძე ვ., საერთაშორისო ორგანიზაციები, თბ., 2003. რ. ფუტკარაძე.