თავისუფალი ვაჭრობის ზონა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ვაჭრობის ზონა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც გაუქმებულია საბაჟო ტარიფები. თ. ვ. ზები იქმნება იმ დარგების სტიმულირების მიზნით, რებიც აწარმოებენ უპირატესად საექსპორტო პროდუქციას და მოიხმარენ იმპორტ. რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს. თ. ვ. ზ., ერთი მხრივ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნაირსახეობაა, მეორე მხრივ კი – ეკონ. ინტეგრაციის შედარებით მარტივი ფორმა. ხასიათდება მცირე ტერიტორიით. თ. ვ. ზები პირველი თაობის ზონებს განეკუთვნება და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს ეფუძნება. ვაჭრობის შეღავათიანი პირობები ჯერ კიდევ ფინიკიელების აყვავების პერიოდისთვის (ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისში) იყო დამახასიათებელი. საერთაშ. პრაქტიკაში თ. ვ. ზები ცნობილია, აგრეთვე, თავისუფალი პორტის (პორტოფრანკოს), თავისუფალი არეალის (საწყობის), თავისუფალი უბაჟოდ ვაჭრობის მაღაზიის (Free Ports, Duty/ Tax free areals/shop)­ სახელწოდებით. პორტოფრანკოს ტიპის ზონები დასაბამს XVI სიდან იღებს. პორტოფრანკოდ პირველად (1547) იტალ. ქალაქი ლივორნო გამოცხადდა. რუსეთის იმპერიაში თავისუფალი პორტების სტატუსი მიიღო ოდესამ (1817), ვლადივოსტოკმა (1862), ბათუმმა (1878). თავისუფალი არეალი (საწყობი) საექსპორტო საქონლის შესანახად, შესაფუთად და უმნიშვნელო დამუშავებისათვის განკუთვნილი სატრანზიტო ან საკონსიგნაციო (საკომისიო ოპერაციების ნაირსახეობა) საწყობებია. მათი ტერიტ. გამოყოფილია საბაჟო ტერიტორიიდან და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო თავისუფლებით. აღნიშნულის გამო მათ ხშირად თავისუფალ საბაჟო ტერიტორიებს უწოდებენ. თავისუფალი უბაჟოდ ვაჭრობის მაღაზიები თ. ვ. ზის უმარტივესი ფორმაა. რეჟიმის თვალსაზრისით ისინი სახელმწ. საზღვარს გარეთ მდებარეობენ. ასეთი მაღაზიები საქართველოში თბილ. აეროპორტში, სარფის, წითელი ხიდისა და სხვა საბაჟოებზეა გახსნილი. თ. ვ. ზები ყველაზე განვითარებული ფორმით აშშშია წარმოდგენილი, რასაც ხელი შეუწყო 1934 მიღებულმა სპეც. კანონმა. თ. ვ. ზ. როგორც ეკონ. ინტეგრაციის ფორმა, გულისხმობს ურთიერთვაჭრობაში საბაჟო ტარიფებისა და სხვა შემზღუდავი ბარიერების მოხსნას. მასში შემავალი სახელმწიფოები ინარჩუნებენ მოქმედების სრულ დამოუკიდებლობას მესამე ქვეყნებთან ეკონ. ურთიერთობაში. თ. ვ. ზის კლასიკური მაგალითია თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია – თვეა (European Free Trade Association – EFTA). თანამედროვე პერიოდის თ. ვ. ზის მნიშვნელოვანი მაგალითია ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა ­(North American Free Trade Agreement – NAFTA), რშიც გაერთიანებულია აშშ, კანადა და მექსიკა. ხელშეკრულება ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ძალაში შევიდა 1994 წ. 1 იანვარს. ამ ზონაზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 20%. განვითარებად ქვეყნებში თ. ვ. ზ. შექმნილია იმისათვის, რომ დაძლეულ იქნეს ეკონ. განვითარების დაბალი დონე, გაიზარდოს ქვეყნის როლი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში, განვითარდეს ვაჭრობა ზონის შიგნით. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი (საქონლის გადაადგილება ნულოვანი განაკვეთებით) აქვს დსთის ყველა ქვეყანასთან და თურქეთთან. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებებით. კერძოდ, დსთის წევრ ქვეყნებთან, გარდა რუსეთის ფედერაციისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება დსთის 1994 წ. მრავალმხრივი შეთანხმებით `თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ”. საქართველო ასევე არის დემოკრატიისა და ეკონ. განვითარების ორგანიზაციის (სუამის) ფარგლებში მოქმედი `თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ” 2002 წ. მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყანა. ორმხრივი საერთაშ. ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს დადებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი, მოლდავეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი. ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ითვალისწინებს გამონაკლისებს, რებიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გარკვეული სახის საქონლის ამოღებას გულისხმობს. 2013 წ. 29 ნოემბერს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ხოლო 2014 წ. 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას, რის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს `ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” (DCFTA) ფორმირება.ეს მოვლენა – კონტინენტის 500 მლნიანი მოსახლეობის ბაზარში შესვლა – უდიდესი მნიშვნელობის ამოცანებს სახავს საქართველოს წინაშე და შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს მას. ლ. ყორღანაშვილი.