თავისუფალი თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი თეატრი.jpg

თავისუფალი თეატრი, კერძო თეატრი. გაიხსნა თბილისში 2001 წ. 1 მარტს რეჟ. ა ვარსიმაშვილის თაოსნობით ჯ. ოსბორნის პიესით `კომედიანტები” (მისივე დადგმა). თეატრს არა აქვს გამოკვეთილი თემატიკა, არა ჰყავს საკუთარი დასი. იგი არის მრავალპლანიანი, თავისუფალი თეატრ. ფორმის. ამ სახელწოდების თეატრი პირველად დააარსა ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ანდრე ანტუანმა (პარიზი, 1887), რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო თეატრის ისტორიაში. მსგავსი თეატრები შემდგომში შეიქმნა გერმანიაში (ოტო ბრამის `თავისუფალი თეატრი”, ბერლინი, 1889), რუსეთში (კოტე მარჯანიშვილის თავისუფალი თეატრი, მოსკოვი, 1913) და სხვ. ა. ვარსიმაშვილის თეატრი კერძო საკუთრებაა, მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით. თ. თის ცნობილი სახეები არიან: გ. ბარბაქაძე, ნ. გომელაური, ს. ნათენაძე, ა. კუბლაშვილი, კ. მიქიაშვილი, ბ. გოგორიშვილი, თ. კორძაძე, ჯ. კილაძე, მ. დობორჯგინიძე, ქ. ლორთქიფანიძე, თ. ნიკოლაძე, ს. მარგალიტაშვილი და სხვ. სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობდნენ ქართ. თეატრის ცნობილი მსახიობები – გ. საღარაძე, ჯ. ღაღანიძე, თ. დოლიძე, მ. ჯანაშია, ო. მეღვინეთუხუცესი, რ. იოსელიანი, დ. ჯაიანი და სხვ. სპექტაკლებს დგამენ (ა. ვარსიმაშვილის გარდა): დ. დოიაშვილი, გ. კაპანაძე, გ. მარგველაშვილი და სხვ. თეატრი გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი). 2001იდან თეატრმა 50მდე პრემიერა გამართა, მ. შ. უ. შექსპირის `ჰამლეტი” (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი), დ. ტურაშვილის `ჯინსების თაობა” (რეჟ. დ. დოიაშვილი), ა. ვარსიმაშვილის `პროვოკაცია” (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი), ფ. გარსია ლორკას `სისხლიანი ქორწილი” (რეჟ. გ. კაპანაძე), ნ. დუმბაძის `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (რეჟ. გ. კაპანაძე), ფ. გარსია ლორკას `ბერნარდა ალბას სახლი” (რეჟ. გ. კაპანაძე), ა. ვარსიმაშვილის `ძმები” და `იდიოკრატია” (ავტორის რეჟისორობით), ე. დე ფილიპიოს `აჩრდილები” (რეჟ. გ. შალუტაშვილი) და სხვ.