თავისუფალი ჭიდაობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ჭიდაობა, სპორტის ერთერთი სახეობა. თანამედროვე თ. ჭ. წარმოიშვა XIX ს. ბოლოს დიდ ბრიტანეთში. 1904 შეიტანეს III ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ბერძნ.რომაულისაგან განსხვავებით, თ. ჭში წელზემოთ ჩავლებასთან ერთად დასაშვებია ფეხებში შევარდნა და ფანდების ჩატარებისას ფეხების გამოყენება (ცერული, სარმა, გამოკვრა, კაური, ასევე ფეხებით კაური კისერსა და მკლავებში); ნებადართულია ხელის ჩავლების არაერთი ვარიანტი. წმინდა გამარჯვებისთვის აუცილებელია მოწინააღმდეგის ბეჭებზე გაკვრა. დანარჩენ შემთხვევებში გამარჯვებას ანიჭებენ ქულებით ან აშკარა უპირატესობისათვის. თ. ჭ. ფართოდ გავრცელდა აშშში, თურქეთში, ირანში, ბულგარეთში, იაპონიაში, სსრკში. საქართველოში, კერძოდ, თბილისში, თ. ჭ. დამკვიდრდა 40იან წლებში. ჭიდაობის ეს სახეობა ორგანულად უკავშირდება ქართული ჭიდაობის ტრადიციებს, მის ბუნებას, რამაც განაპირობა ჩვენი ფალავნების წარმატებები მსოფლიო ასპარეზზე. ამის საფუძველი კი თ. ჭისა და ქართ. ჭიდაობისათვის დამახასიათებელი საერთო ტექ. ილეთები და ტაქტიკური თავისებურებანი აღმოჩნდა. ქართვ. ფალავნებმა სერიოზული განაცხადი ჯერ კიდევ სსრკის პირველსავე ჩემპიონატზე გააკეთეს (1945), სადაც 7 გამარჯვებულიდან 4 საქართვ. წარმომადგენელი იყო (ვ. ილურიძე, დ. ციმაკურიძე, ვ. მაჩკალიანი და ა. მეკოკიშვილი). ასეთივე წარმატებით გამოდიოდნენ ჩვენი მოჭიდავეები სსრკის მომდევნო ჩემპიონატებზეც. შედეგად 1954 პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე სსრკის ნაკრებში შედიოდნენ: მ. ცალქალამანიძე, ვ. გიგიაძე, ნ. მუზაშვილი, ს. გაბარაევი, ვ. ბალავაძე, გ. კარტოზია და ა. მეკოკიშვილი. თბილისში ჩამოყალიბდა თ. ჭის მწვრთნელთა უძლიერესი სკოლაც (მ. თიკანაძე, ვ. ილურიძე, შ. ნოზაძე, გ. როსტიაშვილი და სხვ.); მათი მეცადინეობით საქართვ. ნაკრები 9ჯერ გახდა სსრკის ჩემპიონი. მრავალი ქართვ. ფალავანი ევრ., მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორია. თ. ჭის მსოფლიოში აღიარებული ოსტატები არიან: ვ. ბალავაძე, ზ. ბერიაშვილი, დ. გობეჯიშვილი, ლ. თედიაშვილი, ზ. თურმანიძე, ე. კურტანიძე, შ. ლომიძე. ა. მეკოკიშვილი, რ. მინდორაშვილი, ნ. მოდებაძე, ვ. რუბაშვილი, გ. საღარაძე, გ. სხირტლაძე, მ. ცალქალამანიძე, დ. ციმაკურიძე, ლ. ხაბელოვი, ნ. ხოხაშვილი. ქართვ. სპორტსმენები პირველად საბჭოთა კავშირის სახელით გამოვიდნენ XV ოლიმპიადაზე (ჰელსინკი, 1952). სსრკის ნაკრებმა თ. ჭში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ დ. ციმაკურიძე და ა. მეკოკიშვილი. მომდევნო ოლიმპიადებზე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: XVI ოლიმპიადაზე (მელბურნი, 1956) – მ. ცალქალამანიძე; XX ოლიმპიადაზე (მიუნხენი, 1972) და XXI ოლიმპიადაზე (მონრეალი, 1976) – ლ. თედიაშვილი; XXIV ოლიმპიადაზე (სეული, 1988) – დ. გობეჯიშვილი; XXV ოლიმპიადაზე (ბარსელონა, 1992) – ლ. ხაბელოვი. საქართველოში XX ს. 90იან წლებში თ.ჭში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, მნიშვნელოვანი სირთულეები გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ქართვ. ფალავნები წარმატებით გამოდიან საერთაშ. ასპარეზზე. 1995–2013 თავისუფალი სტილის ქართვ. მოჭიდავეებმა ევრ. და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და მოზრდილებში მრავალი მედალი დაისაკუთრეს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი: XXVI ოლიმპიადაზე (ატლანტა, 1996) და XXVII ოლიმპიადაზე (სიდნეი, 2000) ე. კურტანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები; XXIX ოლიმპიადაზე (პეკინი, 2008) რ. მინდორაშვილმა მოიპოვა ოქრო, ხოლო გ. გოგშელიძემ და ო. თუშიშვილმა – ბრინჯაო; XXX ოლიმპიადაზე (ლონდონი, 2012) დ. მოძმანაშვილმა და ვ. ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს ვერცხლის მედლები, ხოლო გ. გოგშელიძემ და დ. მარსაგიშვილმა – ბრინჯაოს მედლები.

თავისუფაილ ჭიდაობა 1.jpg თავისუფაილ ჭიდაობა 2.png თავისუფაილ ჭიდაობა 3.png