თავკვერის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავკვერის არქეოლოგიური ძეგლები, ადრინდ. შუა საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს გლდანის მასივის III და IV მიკრორაიონებს შორის. გათხრილია 1975–76 გლდანის არქეოლ. ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. ვ. ართილაყვა). გამოვლინდა 3 ბაზილიკური ეკლესიისა და რამდენიმე სხვა ნაგებობის ნაშთი, ორი – ქვაყუთის ტიპის სამარხი. ეკლესიების კედლები ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით თიხის ხსნარზე და გადახურულია კრამიტით. ერთერთი ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა ხოსრო IIის (VI–VII სს.) ვერცხლის მონეტა. ნამოსახლარზე აღმოჩენილ ნაგებობათა კედლები ნაგებია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით. ზოგი მათგანის იატაკი მოპირკეთებული იყო ბრტყელი ფილაქნით. ნაგებობებში აღმოჩნდა მარანი, ქვევრები, პირგაშლილი დოქები, ბადიებისა და საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის სახვრეტი და წიდები. ერთერთი ეკლესიის მინაშენის ძირში გათხრილია 2 სამარხი. ორივე ნაგები იყო ფიქალი ქვით. მიცვალებულები ორივეში დაკრძალული იყვნენ ქრისტ. წესით. სამარხები უინვენტარო იყო. აღმოჩენილი არქეოლ. მასალა პარალელებს პოულობს ურბნისის, ლოჭინისა და რუსთავის სინქრონულ მასალასთან და ადრინდ. შუა საუკუნეებით თარიღდება (V–VIII სს.). ლიტ.: Артилаква В., О работе Глданской археологической экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1976 году, Тб., 1979.