თავმრგვალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავმრგვალა, ნასოფლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. ქციის მარცხენა სანაპიროზე, არახლოს (ახლანდ. ნახიდურის) დასავლეთით. სახელწოდება მიღებული უნდა იყოს ნასოფლარის სიახლოვეს მდებარე კლდის მომრგვალებული თავებისაგან. ეკლესია ან სასაფლაო ნასოფლარს აღარ შემორჩენია, მაგრამ მდინარის მარცხ. ნაპირზე ხიდის ბურჯის ნაშთია, ეს კი აქ გამავალ გზაზე მეტყველებს, რიც მდინარის მარჯვ. ნაპირზე გადადიოდა. თდან ჩამომავალ ამ ნაგზაურს, მდინარის ორივე ნაპირიდან გამოქვაბულები დაჰყურებს. ვარაუდობენ, რომ ისინი ყველაზე ინტენსიურად XIII–XIV სსში გამოიყენებოდა. 1392 თ. სხვა სოფლებთან ერთად დასახელებულია საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში; 1654 როსტომ მეფის ბრძანებით გაარიგეს სადავო მიწები ნახიდურელებსა და სვეტიცხოვლის კუთვნილ, თავმრგვალელ ყმებს შორის; ეს დავა გაგრძელებულა მეფე ვახტანგ Vის დროსაც. ამდროინდელ განჩინებაში სადავო მიწების საზღვრად დასახელებულია ჩაღათაშვილის საორაგულე (სავარაუდოდ, ქციაზე). აქ იხსენიება გამოქვაბულებიც: `ქვაბები როგორც ჩაღათაშვილსა ჰქონია, ისრევე იმას ჰქონდეს და როდესაც ხიზნობა შეიქნას, არც ნახიდურელთ დაეჭიროსთ სახიზრათ”. 1665 კათოლიკოსმა დომენტი III მღვდელი გიორგი რამაზაშვილი და მისი ვაჟი თათრისაგან გამოისყიდა და თში დაასახლა; 1722 კათოლიკოსპატრიარქმა დომენტი IV ზაალ გედევანიშვილს უბოძა თს ნაცვლობა; 1772 ერთი საბუთიდან ჩანს, რომ მცირე ხნის წინ თ. ლეკებს აუოხრებიათ. ლიტ.: ბახტაძე ნ., ქვემო ქართლის კლდის ძეგლები, თბ., 1991; ქართული სამართლის ძეგლები, დოლიძის გამოც., ტ. 3–4, თბ., 1970–72; Какабадзе С., Грузинские документы Института народов Азии, М., 1967. დ. ბერძენიშვილი.