თავფარავნელი ჭაბუკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თავფარავნელი ჭაბუკი”, ქართული ხალხური ბალადა. გავრცელებულია უმთავრესად აღმ. საქართველოში. ბალადა მითოლ. ხასიათისაა. ვ. კოტეტიშვილი მის სიმბოლიკას მსოფლიოს ფოლკლორულ ძეგლებთან ანალოგიის მეთოდით ხსნიდა (მაგ., ბერძნ. მითოსი ჰეროსა და ლეანდრეს შესახებ). ვ. კოტეტიშვილის აზრით, `თ. ჭ.” ზღვის საკულტო წრესთან არის დაკავშირებული, ხალხ. გადმოცემებზეა დამყარებული ბალადის ორი ძირითადი სიმბოლოს – დოლაბისა და წითელი მოვის პერანგის მისეული ახსნა: დოლაბი საკულტო ქვაა, რის თაყვანისცემა გავრცელებული იყო სწორედ თავფარავნის ტბის რეგიონში. უძველესი წარმოდგენით, ქვები ღვთაებების სიმბოლოებია, როგორც ციდან ჩამოცვენილებს, მათ ზეციდან გამოგზავნილებად თვლიდნენ და თაყვანს სცემდნენ. ასეთია, მაგ., კოპალეს ქვა ფშავში. წითელი მოვის პერანგი კი სიკვდილის, უბედურების სიმბოლოა. ბალადაში მზისა და მთვარის სიმბოლური მნიშვნელობანი შენაცვლებულია: მზე აღნიშნავს ვაჟს, ხოლო მთვარე – ქალს. `თ. ჭ.” მკვლევრებს (მ. ჩიქოვანი, ე. ვირსალაძე, გ. კალანდაძე) სატრფიალო ბალადად აქვთ მიჩნეული. ლიტ.: ალიბეგაშვილი გ., ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები, თბ., 1992; კალანდაძე გ., ქართული ხალხური ბალადა, თბ., 1957; კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961; ჩიქოვანი მ., ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1952. ჯ. ბარდაველიძე.