თავფარავნის ბრძოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავფარავნის ბრძოლა, ერთიანი საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი VIIIსა და სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელს შორის 1465 გამართული ბრძოლა, რსაც წინ უძღოდა ხანგრძლივი შინაფეოდალური ომები და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება. ათაბაგის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა დახმარებისათვის მეფე გიორგის მიმართეს. მეფე ფარავნის ტბაზე დაბანაკდა. ყვარყვარემ მოახერხა მეფის ტყვედ ჩაგდება. ამასთანავე, მან მეფის ძმისწულს კონსტანტინეს გორამდე სდია. ყვარყვარეს თანამებრძოლებმა მეფის დატყვევების შემდეგ თბილისიც დაარბიეს. გიორგი მეფის შეპყრობით ისარგებლა იმერეთის მეფემ ბაგრატმა და ქართლი დაიპყრო. გათავისუფლებული გიორგი ცდილობდა ქართლში პოზიციების აღდგენას, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა კახეთში გადასულიყო, რითაც საფუძველი დაედო კახეთის ცალკე სამეფოს. ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1965; შარაშიძე ქრ., საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVIII სს.), კრ.: მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, 1954, ნაკვ. 30; ხოსიტაშვილი ს., ქართლისა და იმერეთის პოლიტიკურ მესვეურთა ბრძოლა სამცხესაათაბაგოს სამთავროს შემოერთებისათვის XIV–XV სს., {მაცნე}, 1970, #6; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). მ. ზალდასტანიშვილი.