თავფარავნის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავფარავნის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X–XI სს. მიჯნის ერთნავიანი ეკლესია. მდებარეობს ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. როდიონოვკაში (თავფარავანი). ეკლესია დგას სოფლის შუაგულში. ძლიერ დაზიანებული იყო. ნაგებობა შიგნით და გარედან შემოსილია სწორად ნაწყობი, მოვარდისფროღვინისფერი სუფთად გათლილი კვადრებით. გეგმით სწორკუთხა ეკლესიას აღმით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. გრძივი კედლები სამ ნაწილად არის დანაწევრებული პილასტრების 2 წყვილით, რზეც ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა გადამხური კამარა. ინტერიერში გამოირჩევა იმპოსტების მორთულობა. ფასადების დიდი, დაუნაწევრებელი სიბრტყეები აქცენტირებულია დეკორ. ელემენტებით. ჩრდ. ფასადი სადაა. სამხრ. კარის თავზე მოთავსებული არქიტრავი მორთულია გეომ. სახის ორნამენტით და ჯვრის გამოსახულებებით. ძეგლი რესტავრირებულია 2006. ლიტ.: დადიანიძე ც., თავფარავნის ხუროთმოძღვრული ძეგლის წინასწარი შესწავლისათვის, «ძეგლის მეგობარი», 1984, #67. ც. დადიანიძე