თავყვითელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავყვითელა.jpg

თავყვითელა (Senecio), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახები, მერქნიანი ლიანები, ბუჩქბალახები, ბუჩქები ან დაბალი ხეებია. 1250-ზე მეტი კოსმოპოლიტი სახეობა გავრცელებულია ევროპაში, სამხრ. ამერიკაში, უმთავრესად კი – სამხრ. აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, აზიის, სამხრ. და ჩრდ. ამერიკის ზომიერ სარტყლებში. საქართველოში თ-ს 25 სახეობაა (ყველა ერთ ან მრავალწლოვანი ბალახია), მ.შ. 10 კავკასიის და 3 საქართვ. ენდემია. თავყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო ნარინჯისფერი ყვავილებია, განაპირა ენისებრია და ბუტკოიანი, შიგნითა – მილისებრი და ორსქესიანი; თავმოყრილია კალათებად, იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპ. და ალპ. სარტყლებამდე, დანაგვიანებულ ადგილებში, ბუჩქებსა და ტყის პირებზე, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში, მორენებსა და ჩამონაზვავებზე, ნესტიან კლდეთა ნაპრალებში. ზოგი სახეობა სამკურნალოა, მაგ. ხარისშუბლა, რის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდებს – პლატიფილინს, სარაცინს და სხვ.; ზოგი დეკორატიულია, მაგ., მასაგეტოვის თ. (S. massagetovii), რიც მრავალწლოვანი ბალახია, მესამეული პერიოდის რელიქტი და საქართვ. ენდემი. სპორადულად გავრცელებულია სვანეთში, რაჭაში, იმერეთში, ქართლში, ჯავახეთსა და მესხეთში. შეტანილია `საქართველოს წითელ ნუსხაში”.