თათეიშვილი თინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეკვა ქართული.png

თათეიშვილი თინა (ლეილა) გრიგოლის ასული (12. I. 1925, თბილისი, – 7. I. 1992, იქვე). მოცეკვავე, საქართვ. დამს. არტისტი (1958). 1943–64 იყო საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის წამყვანი სოლისტიმოცეკვავე. ოსტატობითა და გრაციოზულობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში `ქართული”, `მთიულური”, `მიპატიჟება”; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ცეკვა `ქართული”, რსაც ახასიათებდა მოძრაობათა სინაზე, სინარნარე, სიმსუბუქე და კლდემამოსილება. ქართ. ცეკვების ინდივიდ. შემსრულებელთა პირველ რესპ. კონკურსზე 1962 თ-მა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. ასევე დიდი წარმატებით აღინიშნა მისი მონაწილეობა საქართვ. ლიტ. და ხელოვნ. დეკადაზე მოსკოვში (1958). გასტროლებით შემოიარა სსრკის მრავალი ქალაქი და საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანა. 1959 ვარშავის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ საღამოზე, რ-შიც მონაწილეობდნენ მოსკ.დიდი თეატრის, ლენინგრადისა და თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, თ-ისა და ნ. ღვაბერიძის მიერ შესრულებულმა ცეკვა `ქართულმა” განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. როგორც პოლონური პრესა აღნიშნავდა, `ქართველმა მოცეკვავე ქალმა უაღრესად ძუნწი შტრიხებით გვიჩვენა ივერიელი ქალის სინარნარე და სინატიფე”. ა. თათარაძე.