თალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალა, ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ფოლადაურის მარცხ. ნაპირზე, ზემო ბოლნისსა და ნასოფლარ ახოთას ზევით. შედიოდა ბოლნისის საეპისკოპოსო მამულებში, რაზედაც მეტყველებს ბოლნელი ეპისკოპოსის იოსებ რევიშვილის წარწერა ერთი ნასოფლარის (რ-იც თ. უნდა იყოს) ეკლესიის ბალავრის ქვაზე. წარწერიდან ჩანს, რომ ბოლნელ იოსებს, იერუსალიმში მეორედ ნამყოფს, შინ მობრუნების შემდგომ აუშენებია ყოვლადწმინდის ეკლესია მისი სულის საოხად; ამავე დროს, ჟამთა ვითარებისაგან მოშლილი ზემო ბოლნისი, ახოთა და თ. `ხელახლა უშოვია” და გაუთავისუფლებია სახელმწ. გადასახადებისგან. 1721 აღწერით ამ სოფელში ერთი მებატონე იყო – ბოლნელი ეპისკოპოსი, რ-საც ჰყოლია 4 გამომღები და 1 ბოგანო ყმა. ამავე სახელწოდების სოფლები ყოფილა თრიალეთსა და დმანისხევშიაც. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941. ლიტ.: ბერძენიშვილი დ., `Hევი ბოლნისისა”, კრ.: დმანისი, IV, თბ., 2003; ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935. დ. ბერძენიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თალა&oldid=9461-დან“