თალათფაშა მეჰმედ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალათფაშა მეჰმედ (Talât Paşa) (10. IV. 1874 – 15. III. 1921), ოსმალეთის პოლიტიკური მოღვაწე. ახალგაზრდა თურქთა პარტიის `ერთობისა და პროგრესის” თავმჯდომარე; მეჯლისის დეპუტატი; 1913 სახელმწ. გადატრიალების შემდეგ, ტრიუმვირატის (ენვერ-ფაშა, ჯემალფაშასთან ერთად) წევრი. 1914, რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო ხელშეკრულების დადების მიზნით, თ.ფმ ენვერფაშასთან ერთად მოლაპარაკება გამართა ლ. კერესელიძესთან, `საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის” წევრთან. თ.ფს ბრალად ედებოდა I მსოფლიო ომის დროს სომხების გენოციდში მონაწილეობა. იგი მეთაურობდა ოსმ. დელეგაციას ბრესტლიტოვსკის საზავო კონფერენციაზე, სადაც მოითხოვა, რომ რუსეთის ჯარებს დაეტოვებინათ კავკასია. გერმ. დახმარებით მან მიაღწია შეთანხმებას, რის თანახმად `რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანა თავისი ჯარი ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქებიდან”. ამიერკავკასიის კომისარიატის მთავრობამ თავისი დელეგაცია არ გააგზავნა კონფერენციაზე. ამიტომ `საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის” წევრები, რებიც I მსოფლიო ომის დროს ბერლინში მოღვაწეობდნენ, საქართველოს ინტერესების დაცვის მიზნით, თავიანთი ინიციატივით დაუკავშირდნენ გერმ. პრინც ლეოპოლდს (გერმ. აღმ. ფრონტის მთავარსარდალი), მისი შუამავლობით შეხვდნენ თ.ფსა და ოსმ. წარმომადგენლებს და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ თ.ფ. ბერლინში გაიქცა, სადაც 1921 მოკლეს დაშნაკმა ტერორისტებმა. ლიტ.: გიგინეიშვილი ო., თურქიზმი და ოსმალეთის საგარეო პოლიტიკა, თბ., 1963; სვანიძე მ., 1914 წელს ოსმალეთსა და `საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს” შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულება, წგ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, ტ. 2, თბ., 1995. მ. ''სვანიძე''.