თალმუდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალმუდი (ებრ., სიტყვასიტყვით – სწავლა, მოძღვრება), იუდაიზმის ეთიკური და სამართლებრივი კოდექსი, რიც ე. წ. ზეპირი მოძღვრების სახით ძველ აღთქმაზე დართვისას ქმნის იუდაისტური რელიგიის საფუძველს. შეიქმნა ძვ. წ. IV – ახ. წ. V სს-ში. თ. ძვ. ებრ. კულტურის ძეგლია, რიც, რელიგ.სამართ. და რელიგ.ფილოს. დებულებების გარდა, გვაწვდის ცნობებს მედ., ასტრონ., მათ., გეოგრ., ებრაელთა ბიბლიის შემდგომი ხანის ისტ. და სხვ. დარგებიდან. იგი არის, აგრეთვე ძვ. ებრ. ლიტრის მნიშვნელოვანი ძეგლი, რმაც შემოგვინახა ძვ. დიდაქტ. ლიტრისა და ფოლკლორის შესანიშნავი ნიმუშები. საინტერესოა თის ენაც, რიც ასახავს ძვ. წ. უკანასკნელ და ახ. წ. I ს-ში ებრ. მეტყველებას. ჩვენამდე მოაღწია ენობრივად და შინაარსობრივად განსხვავებულმა ორმა რედაქციამ: პალესტინურმა ანუ იერუსალიმის თ-მა (თალმუდ იერუშალმი), რიც დაწერილია ძირითადად არამეულის პალესტინურ დიალექტზე (რედაქცია გაუკეთდა III ს-ში) და ე. წ. ბაბილონის თ-მა (თალმუდ ბავლი), რიც ძირითადად არამეულის მესოპოტამიურ დიალექტზეა შექმნილი (რედაქცია გაუკეთდა V სში). თ. წარმოიქმნა იმ რთულ ისტ. პირობებში, როდესაც იუდაიზმს დასავლეთში ძვ. ბერძენთა და რომაელთა რელიგია დაუპირისპირდა, აღმოსავლეთში – ზოროასტრიზმი, მოგვიანებით კი თვით იუდაიზმის ბაზაზე წარმოქმნილი ქრისტიანობა. გაჩნდა იუდაისტთა ასიმილაციისა და გაქრობის საფრთხე. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად თ-ის შემქმნელებმა გამოიმუშავეს მთელი რიგი ამკრძალავი და ნებადამრთველი წესები, რთაც იუდაიზმის მიმდევართათვის დღესაც კანონის ძალა აქვთ. თ-ში ორი ძირითადი სტრუქტურული ელემენტია: მიშნა (ძვ. აღთქმის წიგნების ვრცელი კომენტარი), რსაც თან ერთვის თოსეფთა (მიშნის დამატებები), და გემარა (მიშნის კომენტარების კრებ.). მიშნა შეიცავს 63 ტრაქტატს, რებიც გაერთიანებულია 6 ნაკვეთად: ზერაიმი (თესლები, ნაუსები – მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული წესები და ლოცვები), მოედი (დღესასწაული – რელიგ. დღესასწაულების პერიოდში მორწმუნეთა ქცევის წესები), ნაშიმი (ქალები – ოჯახური ურთიერთობისა და განქორწინების წესები), ნეზიკინი (დაზიანებანი – სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხები), კოდაშიმი (საკულტო ხასიათის მითითებები და ნორმები), ტეჰაროთი (სისუფთავე – რიტუალური ჰიგიენის საკითხები). თ-მა ხაზი გაუსვა იუდაიზმის მიერ მონოთეიზმის აღიარებას (რაც ძვ. აღთქმის წიგნებიდან არც ისე მკაფიოდ ჩანდა) და ღმერთის ტრანსცენდენტურ ხასიათს, მის აბსოლუტიზმს. თ-ში მოცემულია სულის უკვდავების, საიქიოს, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ არსებულ წარმოდგენათა დასაბუთების მცდელობა. თ-ში დაწვრილებითაა განხილული მესიანიზმი, ესქატოლოგია, კოსმოგონია და კოსმოლოგია. თ-ის არსებობის ხანგრძლივი ისტ. განმავლობაში ხდებოდა მისი კომენტირება, რასაც საფუძვლად ყოველთვის ადგილ. და თანადროული სოც.ისტ. პირობები ედო. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპაში რაშის (რაბი შემუელ იცხაკი, 1040–1105) და აღმოსავლეთში მაიმონიდის კომენტარები. თ-ის მეცნ.კრიტ. შესწავლას მნიშვნელობა აქვს როგორც საერთოდ რელიგიათმცოდნეობისათვის, ისე, კერძოდ, ქრისტიანობისა და ისლამის გენეზისისა და ისტორიისათვის. ნ. ბაბალიკაშვილი.