თამაზ I-ის ლაშქრობანი საქართველოში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაზ I-ის ლაშქრობანი საქართველოში, ირანის შაჰის თამაზ I-ის ბრძოლა საქართველოს დასაპყრობად. მთელი XVI ს. განმავლობაში ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ებრძოდნენ ამიერკავკასიის ქვეყნებში ბატონობისათვის. ამ მიზნით `საღვთო ომის” საბაბით თამაზ I-მა რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში. 1541 შაჰი 12 ათ. მეომრით ყარაბაღიდან საქართველოში შემოიჭრა და ღამით თავს დაესხა თბილისს, მეფე ლუარსაბ I იქ არ იმყოფებოდა. ყიზილბაშებმა აიღეს, გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი. მათვე მოტყუებით აიღეს ბირთვისის მიუვალი ციხე და ლუარსაბის ხელში ჩაგდებაც სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ამ ლაშქრობის შედეგად თბილისი ყიზილბაშებმა დაიკავეს, მცველთა რაზმი ჩააყენეს და უკან გაბრუნდნენ. 1547 იანვარში თამაზ I შირვანიდან დაიძრა და ანისის გზით ახალქალაქში მივიდა. მტრის ლაშქარმა მოარბია ჯავახეთი, მერე ქვემო ქართლი და დიდი ნადავლით განჯაში დაბრუნდა. ქართლის მეფე ლუარსაბი ვერ ურიგდებოდა სამცხის ათაბაგის ირანისადმი მორჩილებას და ოსმალეთის გააქტიურებას ამ მხარეში. ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით მან სამცხის დიდი ნაწილი დაიკავა. ათაბაგმა ქაიხოსრომ დახმარებისათვის ირანს მიმართა. 1551 შაჰმა დიდი ჯარით გამოილაშქრა შაქიდან. მოსახლეობა სიმაგრეებში შეიხიზნა. ყიზილბაშებმა ააოხრეს ჯავახეთი და დაიპყრეს ციხესიმაგრეები – თმოგვი, აწყური, ვანის ქვაბები, აიღეს და გაძარცვეს ვარძია, საიდანაც დიდძალი სიმდიდრე წაიღეს. შაჰმა ქაიხოსროს ლუარსაბისაგან წართმეული ქვეყანა დაუბრუნა და ყარაბაღში დაბრუნდა. 1554 თამაზ I მეოთხედ შემოესია საქართველოს. მან თავდაპირველად საბარათიანო დაიკავა, მერე შიდა ქართლში აიღო გორი, ზოგიერთი სხვა სიმაგრეც და შემოადგა ატენის ციხეს, სადაც იმყოფებოდნენ მეფისა და ქართვ. დიდებულთა ოჯახები. ყიზილბაშებმა შინაგამცემლობის შედეგად შეძლეს ციხის აღება. დიდ ნაალაფევთან ერთად 30 ათ. ტყვე წაიყვანეს, მ. შ. მეფის დედა ნესტანდარეჯანი, და უკან გაბრუნდნენ. ლუარსაბი დაედევნა მტერს, რამდენჯერმე შეებრძოლა და დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა ტყვეები მაინც ვერ დაიხსნა. თამაზ I-ის ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს – დამპყრობლებმა ბევრი ქალაქი და სოფელი დაარბიეს და გაძარცვეს, მრავალი ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. 1555 დაიდო ამასიის ზავი, რ-თაც ირანმა და ოსმალეთმა ამიერკავკასია გაინაწილეს. წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», ტ. 2, ტფ., 1925; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969; ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი და თარგმანი ვ. ფუთურიძის, შენიშვნები რ. კიკნაძის, თბ., 1966. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. რ. კიკნაძე.