თამარაშვილი მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ თამარაშვილი.png

თამარაშვილი მიხეილ, თამარათი მიქელ (ერისკაცობაში – ალექსანდრე) პეტრეს ძე [IX. 1858, ახალციხე, – 3 (16). IX. 1911, სოფ. სანტამარინელა, იტალია], ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ახალციხის სამრევლო სკოლაში. 1878იდან სწავლობდა კონსტანტინოპოლში კათოლიკე მოძღვრის, პ. ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართ. სასწავლებელში, 1881–83 – ესპანეთში, სას. სემინარიაში. 1888 დაამთავრა პარიზის წმ. ლაზარეს სას. სასწავლებელი, გაეცნო პარიზის სამეცნ. ცხოვრებას; მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში. მას სურდა სას. და სამეცნ. საქმიანობა ერთმანეთთან შეეთავსებინა, მაგრამ ცარიზმის მოხელეებმა 1890, როგორც `უცხო იდეებით” გამსჭვალული პიროვნება, თბილისიდან გააძევეს და საქართვ. ტერიტორიაზე ცხოვრება აუკრძალეს. 1891 ჩავიდა რომში და სწავლა განაგრძო სას. აკადემიაში, რიც წარმატებით დაამთავრა 1894 და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. ამ ხნის განმავლობაში ფრანგ. და იტალ. პერიოდიკაში აქვეყნებდა წერილებს საქართვ. ისტ. საკითხებზე. ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თ-მა გამოავლინა საქართვ.ისტ. ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქედან თ-მა მოასწრო საქართველოევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლ. სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და გამოცემა (`ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”, თბ., 1902; `პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას”, თბ., 1904). 1904 გაზ. `ივერიაში” ცალკეული სტატიების სახით გამოაქვეყნა თეოლ. ხასიათის ნაშრომი `რომი”, სადაც ზოგად ქრისტ. საკითხებთან ერთად განხილულია კათოლ. ეკლესიის (მასთან ქართვ. კათოლიკეთა ეკლესიის) მრავალი თავისებურება. თ-ის წიგნმა `საქართველოს ეკლესიის ისტორია” (რომი, 1910, ფრანგ. ენაზე) დიდი გამოხმაურება პოვა ევრ. სამეცნ. წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეც. პრემია მიენიჭა. თ-მა სიცილიაში აღმოაჩინა კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, შეძლო აღმოჩენილი სურათების ძირითადი ნაწილის ფოტოასლების გადაღება (154 ცალი) და ცალკე ალბომად შეკვრა, რ-ის ერთი ცალი დღემდეა დაცული საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ბკაში. აქვეა მოცემული სურათების წარწერების ტექსტის თარგმანი და ავტორის საყურადღებო კომენტარები. თ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ს.ს. ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. მან ერთერთმა პირველმა აზიარა ევრ. მკითხველი საქართვ. ისტორიასა და კულტურას. 1978 თ. იტალიის ქ. ჩივიტავეკიიდან გადმოასვენეს საქართველოში. დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში. მისი სამეცნ. მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში ინახება. ლიტ.: ბლუაშვილი უ., მესხეთის სახელოვანი შვილები, თბ., 2008; ლომსაძე შ., მიხეილ თამარაშვილი, თბ., 1964; სახოკია თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1984; ფეიქრიშვილი ჟ., ფიქრები მიხეილ თამარაშვილზე, თბ., 2012; ყრუაშვილი ნ., მიხეილ თამარაშვილი, თბ., 2012; ჭიჭინაძე ზ., ქართველ კათოლიკეთ სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები: მიხეილ პეტრეს ძე თამარაშვილი, თფ., 1912. შ. ლომსაძე.