თამარის მონეტები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარის მონეტა.png

თამარის მონეტები, თამარის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტები. იჭრებოდა ორნაირი სახის – `წესიერი” და `არაწესიერი” ჭედვისა. პირველი მრგვალი ფორმისა და გარკვეული მასისაა, ხოლო მეორე – სხვადასხვა ფორმისა და მასის. ეს ე. წ. `ვერცხლის კრიზისის” ხანაა და ამ დროს მთელ მახლობელ აღმოსავლეთში იჭრებოდა `არაწესიერი” ფორმისა და სხვადასხვა მასის სპილენძის მონეტები, რებიც ბაზარზე ვერცხლის იძულებითი კურსით მიმოიქცეოდა. თამარის სახელი პირველად მეფე გიორგი IIIის ფულზეა გამოსახული, თანამმართველად მისი გამოცხადების შემდეგ (1178). სპილენძის მონეტა `არაწესიერი” ჭედვისაა. მის ერთ მხარეს, წნული ხვეულების ვარდულში, დაქარაგმებული ასომთავრულით წერია სახელი `თამარ”, ვარდულის ბუდეებში ასევე ასომთავრულით – `ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი”. მეორე მხარეს, ვარდულის ცენტრში, ასომთავრული წარწერაა – `გი”, გარშემო – `ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე”. 1184 თამარი საქართვ. მეფე გახდა და თავისი სახელით მოჭრა სპილენძის `არაწესიერი ჭედვის” მონეტა, რის შუბლზე მხედრულით გამოსახულია თამარის სახელი, გარშემო ასომთავრულით – `სახელითა ღვთისათა, იქნა ჭედა ვერცხლისი ამის, ქორონიკონსა ოთხასშვიდს” (1187) ან `ქორონიკონსა ოთხასოცდაათს” (1210); ზურგზე ხუთსტრიქონიანი არაბ. ზედწერილია: `დედოფალი დიდებული, მშვენიერება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი”, ხოლო გარშემო არაბულადვე: `განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი”. თამარისა და დავით სოსლანის სახელით 1200 მოჭრილი სპილენძის ფული `წესიერი” ჭედვისაა, მისი მასაა 6–7 . შუბლზე დროშისთავის მსგავსი ფიგურული ნიშანია, რის ორივე მხარეს მთავრულით დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები; კუთხეებში `ქრონიკონი 420” (1200) ან, იშვიათად, მის გარშემო ზურგზე არაბული, ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: `დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი”. თ. მ. საქართველოში ნაპოვნია როგორც ერთეულები, ისე განძის სახით (ვეჯინის), აგრეთვე ქართ. ფულის დიდი განძის შემადგენლობაში (რუსთავის, `განჯისკარის”, ლილოს, `რიყის”, ნიჩბისის).

თამარის მონეტები.png

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ლომოური თ., ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938. ი. ჯალაღანია.